ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გრიპზე მოსახლეობის ვაქცინაცია რუსული ვაქცინით დღეს, 7 დეკემბერს დაიწყეს. მათი ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის 15 000 დოზა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებამ იყიდა. საუბარია, რუსული წარმოშობის პრეპარატ ულტრიკსა და სოვიგრიპზე. დე ფაქტო უწყების ცნობით, ვაქცინა განკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ისე 6 თვის ბავშვებისთვის. მათივე თქმით, ვაქცინა უფასოა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცეს. გამყრელიძეს სოხუმში უპასუხეს, რომ გრიპზე ვაქცინა არა საქართველოსგან, არამედ გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ისგან მიიღეს. გამყრელიძემ კი განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის გადაცემული ვაქცინა სახელმწიფოს მიერ შეძენილი მარაგიდან გამოიყო და სოხუმში გაეროს სპეციალური მექანიზმის საშუალებით გაიგზავნა.