ესექსში, ბრაინტრის რაიონის მახლობლად, გაიხსნა დიდი ბრიტანეთის პირველი ელექტრომობილების დამტენი სადგური, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპს ნიშნავს. ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ნაბიჯს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის კუთხით. სადგურს ხელმძღვანელობს ბრიტანული კომპანია Gridserve, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 100-ზე მეტი ასეთი სადგურის აშენებას აპირებს.

სადგური შედგება 36 ავტომობილის დამტენისგან, რომელიც ერთ დამუხტვაზე, 350კვტ ენერგიას აწვდის ავტომობილს. Gridserve-ის თანახმად, ეს საკმარისია 320კმ მანძილის გავლის უზრუნველსაყოფად. კომპანიის სერვისის საწყისი ღირებულებაა 0.32 დოლარი კვტ/სთ-ზე. კომპანიის შეფასებით, საშუალო ზომის ელექტროძრავის დატენვა შესაძლებელია 20–დან 80 პროცენტამდე, 13,25 აშშ დოლარზე ნაკლები თანხით. Gridserve-ის მტკიცებით, ეს არის ”ყველაზე დაბალი, ულტრა მაღალი დონის დატენვის ტარიფი დღეს ბაზარზე”.

სადგურის დამტენები ენერგიას იღებენ განახლებადი წყაროებიდან, მათ შორის, მზის პანელებიდან, რომლებიც დაყენებულია სადგურის სახურავებზე და კომპანიის ჰიბრიდული მზის მეურნეობების ქსელში. სადგურზე არის 6 მვტ/სთ ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის მიწოდების დაბალანსებას ტრანსპორტით მოძრაობის პიკის საათებში. Gridserve-ის თანახმად, ”ზამთრის ქარიან ღამეს, ბატარეას შეუძლია შეინახოს ენერგია ისე, რომ მომდევნო დღეს ელექტრომობილებს 39,000 კილომეტრის მანძილის გავლის პოტენციალით უზრუნველყოფს.”

ფოტო: gridserve

სადგური მას შემდეგ სამ თვეში გაიხსნა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა — ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აიკრძალება ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანებისა და ფურგონების ყიდვა, 2030 წლისთვის. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშში დადგენილია, რომ შეიძლება იყოს 10 მილიონზე მეტი ელექტრომანქანა ბრიტანეთის გზებზე 2030 წლისთვის. ნავარაუდებია, რომ 10 წლის შემდეგ, ელექტრო ავტომობილების რიცხვი, ბრიტანეთის ქუჩებში, 36 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გაერთიანებული სამეფოს პირველი მხოლოდ ელექტრომობილების დამტენი სადგური, ის მსოფლიოს მასშტაბით პირველი არ არის. მაგალითად, გასულ წელს, აშშ-ში, მერილენდის ბენზინგასამართმა სადგურმა შეცვალა მისი ტრადიციული საწვავის ტუმბოები ელექტრონული მანქანის დამუხტვის ოთხი წერტილით. CNBC– ს ინფორმაციით , ეს გახდა აშშ-ს პირველი ელექტრომობილების დამტენი სადგური რომელიც 100%-ით ელექტრომობილებს აწვდის სერვის.