დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში არის გრიპის ვაქცინის საკმარისი დოზა და საზოგადოებას მოუწოდებს ამით ისარგებლონ. გამყრელიძემ ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში. მოვხსენით ყველანაირი ბარიერი. ყველას შეუძლია პოლიკლინიკებში მივიდეს და აიცრან. ჯერ კიდევ არის ამისი დრო. ქვეყანაში არის ვაქცინის დაახლოებით 60-65 ათასამდე დოზა და გთხოვთ ისარგებლეთ ამ შემოთავაზებით, 235 ათასი დოზა სახელმწიფომ იყიდა. მასწავლებლებს ვთხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ, მოვხსენით თანმხლები დაავადებები 65 წელს ზევით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს, გარკვეული დოზა იქნება გადანახული მათთვის და სასურველია ყველა ორსული ქალბატონი აცრილი იყოს", — განაცხადა გამყრელიძემ.

7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 3 988.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 137 499, ხოლო გარდაიცვალა 1 540 ადამიანი.