ახალ წელს მხოლოდ ბავშვები არ ელოდებიან საჩუქრებს: თითოეულ ჩვენგანს უზომოდ ახარებს თუნდაც მცირედით გამოჩენილი ყურადღება და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მსგავსი მზრუნველობა განსაკუთრებულად აკლია.

ამის წარმოდგენა, ალბათ, რთული არავისთვისაა, თუმცა თვალნათლივ გასაცნობიერებლად ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანების ეს საახალწლო სურვილები დაგეხმარებათ:

მაგალითად, 87 ციალა თავართქილაძეს ხელჩანთა უნდა, თანაც ახალგაზრდული და ამაში სასაცილოს ვერაფერს ხედავს!

ფოტო: მარიამ კეკუტია / Facebook

ტოგონიძე მზიას კი ჩუსტები, პომადა და სახატავების ნაკრები სურს ყველაზე მეტად.

ფოტო: მარიამ კეკუტია / Facebook

თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების წერილები სოციალურ ქსელში მარიამ კეკუტიამ გაავრცელა. როგორც On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ეს ერთი სამეგობროს წამოწყებაა, რომელიც საკუთარი ინიციატივით ხშირად ცდილობს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარებას, ამჯერად კი გადაწყვიტეს, ამის შესახებ უფრო მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია, რათა ყველასთვის მიეცათ სტიმული, რომ სხვების ოცნებების ასრულებაში დახმარებოდნენ.

"წელს გადავწყვიტეთ, რომ სოც.ქსელში ხმამაღლა დაგვეწერა იმ იდეის შესახებ, რომელიც საახალწლოდ მოვიფიქრეთ და ნამდვილად არ ველოდით, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. თავის დროზე, ჩემთვისაც სხვების მაგალითები იყო სტიმული და ახლა გვინდა, იგივე ნაპერწკალი სხვებსაც გავუღვივოთ", — ამბობს მარიამი.

ფოტო: მარიამ კეკუტია / Facebook

როგორც თავად აღნიშნავს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს მოსალოდნელზე უფრო დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ამ მოხუცთა თავშესაფრის წევრებისთვის სულ რამდენიმე საათში საკმაო ოდენობის თანხაც აგროვდა.

"უდიდესი სტიმული მოგვეცა ამდენი კარგი ადამიანის დახმარებამ, ამიტომაც უფრო დიდ გეგმებზეც ვფიქრობთ: შესაძლებელია, ძალიან მალე ფონდის დაარსებაზეც ვიფიქროთ, რომ ხალხისთვის უფრო ნათელი იყოს ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია", — ამბობს მარიამი.

ფოტო: მარიამ კეკუტია / Facebook

წლევანდელი საახალწლო ოცნებების ასრულებაში მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია: თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ საქართველოს ბანკის ანგარიშზე GE34TB7668745061100107, მიმღები მარიამ კეკუტია.