გენეტიკურად მოდიფიცირებულ საჭმელზე საზოგადოებაში ხშირად მწვავე დავა მიმდინარეობს ხოლმე. ზოგი ასკვნის, რომ ეს "საშიში" პრაქტიკაა და რომ საკვებში "ქიმიკატებს" იყენებენ, თუმცა ეს ორი სხვადასხვა რამ არის.

ორგანიზმის გენეტიკური მოდიფიცირება გულისხმობს ორგანიზმითვის, ჩვენ შემთხვევაში კი ხილის გენომის შეცვლას სელექციით, ან ისე, რომ მას სხვადასხვა ნიშან-თვისებები უფრო გამოკვეთილი ჰქონდეს. ძირითადად, ასეთი მოდიფიკაცია ჩვენთვის შეუმჩნეველია ხოლმე და ფერმერებს უფრო ეხმარება. მაგალითად, ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანაში, რაც ხილის წარმოებას ამარტივებს. "ქიმიკატები", ამ შემთხვევაში, სავსებით ბუნებრივი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობებია, რომლებსაც მეცნიერები, ხანდახან, სხვადასხვა ორგანიზმებიდან იღებენ.

არსებობს სამეცნიერო კონსენსუსი, რომ არსებული საკვები პროდუქცია, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლებიდან მომდინარეობს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის გაზრდილ რისკს არ უკავშირდება.

გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ხშირად, ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი გავლენა აქვთ, ისევე როგორც მონოკულტურებს (ანუ ერთი ჯიშის მცენარის გაშენებას მიწის დიდ მონაკვეთზე). ეს საკითხი ჩახლართული და საინტერესოა, ამიტომ ცალკე სტატიას იმსახურებს.

საუკუნეების მანძილზე ადამიანები ხილსა და ბოსტნეულში გარკვეული ნიშან-თვისებების "სელექციას" ეწეოდნენ, რამაც მათი მასობრივი წარმოება გაამარტივა. რეალურად, ხელოვნური სელექცია გენეტიკური მოდიფიკაციის ტიპია, თუმცა წარმოებისთვის გამოიყენება უშუალოდ გენომის რედაქტირებაც, რაც მცენარეებს მეტ გამძლეობას და დამატებით ნიშან-თვისებებს მატებს.

1. საზამთრო

ფოტო: Christie's

ჯიოვანი სტანჩის მეჩვიდმეტე საუკუნის ნახატში საზამთრო ძალიან სხვანაირად გამოიყურება. ყველასთვის საყვარელი წითელი შიგთავსი პრაქტიკულად არარსებულია და მას ბევრად დიდი კურკები აქვს.

დროთა განმავლობაში, საზამთროს ისეთი მოშინაურებული ჯიშები გამოიყვანეს, რომელშიც უფრო მეტი შეჭმადი, გემრიელი შიგთავსი იქნებოდა. ამიტომაა საზამთრო ასეთი ტკბილი. მისი ნიშან-თვისებები საუკუნეების მანძილზე გადაირჩეოდა. დღეს კი, ის საზამთროები, რომელსაც სეზონურად, დახლებზე ვხედავთ, ხშირად გენმოდიფიცირებულია.

2. ბანანი

ფოტო: Genetic Literacy Project

ადრეულ ბანანს, რომელიც ჯერ კიდევ 7 000 წლის წინ მოყავდათ, ძალიან განსხვავებული ვიზუალი ჰქონდა ჰქონდა. დიდი, მყარი თესლების გამო მისი ჭამა, ალბათ, ბევრად არაპრაქტიკული იყო.

ფოტო: Creative Commons

ამ ფოტოზე თანამედროვე, ყველასთვის ნაცნობი ბანანია ასახული, რომელსაც შეუმჩნეველი თესლები აქვს და ძალიან გემრიელია. არ ვიცი რომელმა ფსიქოპატმა დაჭრა ბანანი ასე, მაგრამ ეგ ცალკე განხილვის საკითხია.

3. სტაფილო

ფოტო: Genetic Literacy Program

სტაფილოს გაზრდა პირველად, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეში დაიწყეს. თავდაპირველად, ფესვი მოიისფრო ან მოთეთრო იყო და როგორც ჩანს, გემოც განსხვავებული ჰქონდა. შეამჩნევდით, რომ ველური სტაფილო, სტაფილოსფერიც კი არაა.

ფოტო: Creative Commons

დროთა განმავლობაში, ადამიანებმა ისევ სასურველი ნიშან-თვისებების გამოყვანა დაიწყეს და შედეგად, ასეთი სტაფილოსფერი შეფერილობის, შედარებით გლუვი და სწორი სტაფილო მივიღეთ.

4. სიმინდი

ფოტო: livingcropmuseum.info

სიმინდის მოშინაურება სელექციის ყველაზე კარგად შესწავლილი მაგალითია. ის ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 7 000 წლის წინ მოიშინაურეს და მას მერე ძალიან შეიცვალა.

ფოტო: Rosana Prada

დღეს სიმინდი 1 000-ჯერ დიდია, ვიდრე ის 9 000 წლის წინ იყო და მისი გაფცქვნა, ისევე როგორც გაზრდა, ბევრად მარტივია. მნიშვნელოვანად განსხვავდება თანამედროვე სიმინდის შემადგენლობაც, ის 6,6% შაქარს შეიცავს.

5. ატამი

ფოტო: James Kennedy

ატამი პირველად ჩინეთში, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 4 000 წლის წინ მოაშინაურეს. თავის დროზე მას ცოტა უფრო მარილიანი გემო ჰქონდა და როგორც ხედავთ ძალიან პატარა იყო.

ფოტო: James Kennedy

ათასობით წლის მანძილზე ატამის სელექცია ხდებოდა, რის შედეგადაც ის 64-ჯერ დიდია, ბევრად ტკბილი და უფრო გემრიელია.

ასე რომ, შემდეგში თუ ვინმე გეტყვით, რომ გენმოდიფიცირებული საჭმლის ჭამა არ ვარგა, შეგიძლიათ უთხრათ რომ პრაქტიკულად ყველაფერი რასაც დღეს ვჭამთ, გენმოდიფიცირებულია.