ტექნოლოგიებს ბევრი რამის ძალა აქვს — სამყაროს შეცვლა ერთ-ერთი მათგანია. ახალი ციფრული ტექნოლოგიები უფრო და უფრო მეტად იდგამს ფესვებს ეკონომიკაში და ჩვენივე შექმნილი მანქანები ახლა ისეთ მარტივ და რუტინულ თუ საკმაოდ რთულ დავალებებს ასრულებენ, რომლებიც ძველად მხოლოდ ადამიანებს ხელეწიფებოდათ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, უფრო გაამარტივოს ის და დაგვაფიქროს, რისი და რა ფორმით შეცვლა შეგვიძლია უკეთესობისკენ.

წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit გაიმართა.

ღონისძიება 20 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში, სადაც ვირტუალურ სცენაზე სხვადასხვა სპიკერებმა ისაუბრეს უახლეს ტექნოლოგიურ ტენდენციებზე, ბიზნესისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, გლობალური პროდუქტების შექმნაზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე ჩვენს სამყაროში თუ პანდემიის ფონზე შეცვლილი რეალობის შესახებ.

"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ისეთ მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტს, როგორიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექ კონფერენციაა", — განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან კობახიძემ.

10-დღიან ონლაინ კონფერენციაზე მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიური ტრენდების შექმნაში ჩართული გამომსვლელები მონაწილეობდნენ და მათ სიაში 100-ზე მეტი ქართული და უცხოური კომპანია და 1000-ზე მეტი მონაწილე იყო ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

პროექტის მთავარი მიზანი მონაწილეეობის სამომავლი პროფესიული განვითარებისა და სასარგებლო კავშირების დამყარების ხელშეწყობა იყო, რაც კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული ბიზნეს შეხვედრებისა და ნეთვორქინგის საშუალებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირების გზით მოხერხდა.

"პროექტის მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებისგან მიიღონ. ამასთანავე, დაამყარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მხოლოდ პოზიტიურად აისახება მათ სამომავლო საქმიანობაზე", — ამბობს კობახიძე.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მეწარმეს, დიზაინერს, მარკეტერს, დეველოპერს თუ ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მაძიებელს შეეძლო და კონფერენციის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ პრეზენტაციებს, სემინარებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ინოვაციური კომპანიის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, მათ შორის: Google, Facebook, Deloitte, VICE, DeviantArt, Tesla, Rotten Tomatoes და სხვა.

მსგავს ღონისძიებაზე დასწრება ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს. წლევანდელ ღონისძიებაზე საერთაშორისო სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის, მარკეტინგის, ბიზნესის წარმოების, დიზაინის, მომხმარებლის ქცევისა და სხვა უამრავი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრეს.

"წელს თაჩმა გააერთიანა მონაწილეები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, მარკეტერები, ბიზნეს მეწარმეები, დიზაინერები, დეველოპერები და სხვა სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. კონფერენციაში მონაწილეებს უამრავი ახალი შესაძლებლობა უჩნდებათ, როგორც ცოდნის გაღრმავების, ისე ბიზნეს განვითარებისა და ახალი კავშირების დამყარების მიმართულებით. ჩვენი მთავარი იდეა იყო და არის განათლება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ურთიერთობების გაღრმავება და ბიზნეს პროცესების სხვა მასშტაბებზე გაფართოება", — აღნიშნა თაჩის დამფუძნებელმა ბექა ქვარცხავამ.

Startup Touch-ის ფარგლებში 250-ზე მეტი შეხვედრა შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროექტი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, ნაყოფიერი და ახალი შესაძლებლობების მომტანი იყო და ის მომავალში ბევრი სიახლის საწინდარი შეიძლება გახდეს.

დღეისთვის იმ ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლებიც ადამიანებმა უკვე შევქმენით და დავნერგეთ, იცვლება წარმოების პროცესები და ორგანიზაციები, იქმნება ახალი პროდუქტები, მომსახურების სფეროები და ბიზნესის მოდელები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტად ინოვაციურ მომავალს გავუკვალოთ გზა.

"ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, პირველ ყოვლისა, მონაწილეების განვითარებას, ასევე ახალი და საინტერესო პარტნიორობის დამყარებას", — დაამატა კობახიძემ.

ამავე თემაზე: