ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამორიცხავს როგორც ხელახალი, ისე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და დესტაბილიზაციის გეგმას უწოდებს ოპოზიციის მიერ შესაძლო პლებისციტის მოთხოვნას.

"ეს არის ჩვეულებრივად დესტაბილიზაციის გეგმა [...] ამ ლოგიკით, რამდენი არ მოეწონება მიხეილ სააკაშვილს და გიგა ბოკერიას არჩევნების შედეგები, ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ა, არ ატარებთ? მაშინ, იცით რა ვქნათ? ხალხს ვკითხოთ. მერე პლებისციტის შედეგები არ მოეწონებათ — მოდი, ხელახლა ვკითხოთ ხალხს, ეს პლებისციტი გაყალბდა თუ არა, ან ხელახალი პლებისციტი ჩატარდეს თუ არა [...]

რამდენჯერაც არ მოეწონებათ შედეგი, იმდენჯერ შეუძლიათ იგივე თქვან, თუ არგუმენტები არ ექნებათ და მაშინ ვატაროთ არჩევნები, პლებისციტები ხელახლა ყოველწლიურად, ყოველთვიურად, კვარტალში ერთხელ, ხომ წარმოუდგენელია?!", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ იმედზე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნა — რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, კვლავ ძალაშია, თუმცა, თუ ქართული "ოცნება" დათანხმდება წარდგენილი დოკუმენტის შინაარსს, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. არსებობს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის შეთავაზებებს შორის არის პლებისციტიც ხელახალი არჩევნების შესახებ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს პლებისციტი ზედმეტად მიაჩნია, მაგრამ, რადგან ოპოზიცია ამ საკითხს განიხილავს, არ აპირებს შეწინააღმდეგებას. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ არჩევნების საკითხზე პლებისციტის ჩატარება დროის გაყვანა და ქართული ოცნების თამაშია.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.

გაიგეთ მეტი: