ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ პლებისციტზე უფრო მნიშვნელოვანი იყო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც საზოგადოებამ თავისი პოზიცია გამოხატა.

"პლებისციტზე უფრო მეტი, ეს იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე საზოგადოებამ გამოხატა თავის პოზიცია. ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერ ეჭვი, რომელიც კითხვის ნიშნებს გააჩენს ამ შედეგებთან დაკავშირებით, არის საზოგადოებისთვის მიუღებელი და ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელი", — ამბობს ვოლსკი.

მისი თქმით, ნებისმიერ თემაზე შეიძლება მსჯელობა, გარდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა.

"შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც ეხება არჩევნებს, სტაბილურობას, კოვიდსიტუაციას [...] მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი თემა რაც არის, რიგგარეშე არჩევნები, ყველანაირი ფორმით, არის არა თუ ჩვენთვის მიუღებელი, არამედ, მიუღებელია იმ ვითარებისათვის, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო, მსოფლიოშია შექმნილი", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნა — რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, კვლავ ძალაშია, თუმცა, თუ ქართული "ოცნება" დათანხმდება წარდგენილი დოკუმენტის შინაარსს, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. არსებობს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის შეთავაზებებს შორის არის პლებისციტიც ხელახალი არჩევნების შესახებ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს პლებისციტი ზედმეტად მიაჩნია, მაგრამ, რადგან ოპოზიცია ამ საკითხს განიხილავს, არ აპირებს შეწინააღმდეგებას. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ არჩევნების საკითხზე პლებისციტის ჩატარება დროის გაყვანა და ქართული ოცნების თამაშია.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.

გაიგეთ მეტი: