საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 87 ფიზიკური პირი დააჯარიმა და მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ამ შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევი გამო, 20 ლარით დაჯარიმდა 904 ფიზიკური პირი.

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს", — აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შსს-ში ამბობენ, რომ "ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით", სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ და ბოლო 24 საათში ჯამში რეგულაციების დარღვევის 991 ფაქტი გამოავლინეს.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.