გირჩის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა დგას ზურაბ ჯაფარიძის მოთხოვნის უკან. საუბარია პარტიის სახელისა და Facebook გვერდის მოთხოვნის შესახებ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომელიც მან გირჩის ბაბლში გააკეთა. ჯაფარიძემ თქვა, რომ მას და პარტიის დამფუძნებლებს მხოლოდ ეს მოთხოვნა აქვთ და გირჩის სხვა რესურსებზე პრეტენზიას არ აცხადებენ.

"გასაგებია, რომ ფეისბუქ ფეიჯი აინტერესებდეს, მაგრამ სახელი რას ნიშნავს, გაურკვეველია. ახალი პარტია უნდა დააარსოს და სახელი სჭირდება? გაურკვეველია, რა არის ამ მოთხოვნის უკან და ამას მინიმუმ შეხვედრა სჭირდება. არ ვიცი, რა უნდა ზურას. რომ დაეწერა, მე ახალ პარტიას ვაარსებ და მინდა დავარქვა გირჩი, გასაგები იქნებოდა. რომ ეთქვა, თქვენ დააარსეთ ახალი პარტია და მე დავრჩები აქ, ესეც გასაგები იქნებოდა. არც ერთი და არც მეორე არ არის გაჟღერებული", — ამბობს რაქვიაშვილი On.ge-სთან.

მისივე განცხადებით, ასეთი საკითხების მოგვარება პოსტებით ვერ წარმოუდგენია და მათი მოთხოვნაა შეხვედრა და საუბარი.

"ვერ წამომიდგენია, რომ ასეთი რაღაცები წყდებოდეს პოსტების და მესიჯების მეშვეობით. ზრდასრული ადამიანები ვართ და მე მგონი, შეგვიძლია დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. სანამ ეს არ შედგება, ჩვენ უბრალოდ არათუ თანახმა არ ვართ, გაუგებარიც არის, ზუსტად რა სჭირდება ზურას", — ამბობს რაქვიაშვილი.

On.ge-ს კითხვას იმის შესახებ, რომ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 3 დეკემბერს მათ შორის საუბარი უკვე შედგა და შედეგად, "დაოკებისკენ" მოწოდება მუქარა მიიღო, რაქვიაშვილი ასე პასუხობს:

"საუბარი არ ყოფილა, ალბათ საუბარს ეძახის მესიჯებით მიმოწერას. ორი მესიჯი იყო ზურასგან თუ არ ვცდები და 4 იაგოსგან, ეს არი მთელი ჩვენი "საუბარი".

რაც შეეხება ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "დაოკება", პარტიიდან წასვლა ურჩიეს და დაემუქრნენ, რაქვიაშვილის თქმით, კონტექსტი სხვა იყო.

"შემიძლია მოვუწოდო ზურას, რომ თუ ჩათში მიმოწერიდან ცალკეული სიტყვები გამოაქვს, მთლიანი კომენტარებიც დადოს. კონტექსტი სხვა იყო, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ვემუქრებით ზურას რაღაცით?", — ამბობს ის.

გირჩის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ მათი პარტიული სისტემით თავისიფლად შესაძლებელია ორი ფრაქცია არსებობდეს, სადაც განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი ადამიანები იქნებიან და ეს ეხება მართვასაც.

"ამიტომაა ეს შემქნილი, რომ კონფლიქტებისგან დავიზღვიოთ თავი", — დასძენს ის.

გარდა ამისა, ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს იმაზეც, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლების მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება დროული არ იყო.

"როცა ორი სამი დღე დარჩა მოლაპარაკებებზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, არ ვიცი რით დამთავრდება, შეიძლება წარმატებით, შეიძლება წარუმატებლად. მაგრამ ძალიან სერიოზული მომენტია, მთელი კვირა მოლაპარაკებებში ვიყავით, მათ შორის ზურას ჩართულობით. რატომ იყო ეს აუცილებლად გასაკეთებელი ახლა, მე არ ვიცი", — აღნიშნავს ის.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას და პარტიის დამფუძნებლებს სურთ მხოლოდ სახელის და Facebook გვერდის დატოვება, სხვა რესურსები კი იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს დარჩებათ. თუმცა, ჯაფარიძე წერს, რომ ამ შეთავაზებაზე ურჩიეს "დაოკებულიყო" და თავისი ნებით წასულიყო, ასევე დაემუქრნენ, რომ "განადგურდებოდა". ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში, გირჩის ბაბლში დაწერა.

რა მოხდა გირჩში

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა, სადაც არ გაუვრცელებია დამატებითი განმარტებები იმის შესახებ, რა გახდა დაშლის მიზეზი.

მომხდარს გამოეხმაურენ ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ ჯაფარიძის განცხადება მოულოდნელი იყო. ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს, რაქვიაშვილის თქმით კი, არც გირჩი წარმოუდგენია ჯაფარიძის გარეშე და არც ის, რომ ზურა მათ გააგდებს.

მართალია, ჯაფარიძემ თავის პოსტში უარყო, თუმცა პარტიის გაყოფის სავარაუდო მიზეზად აიაგო ხვიჩიას პოსტი და მასზე გამოხმაურებები განიხილება. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩია იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან Facebook-ზე დაწერა: "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.

პარტიის ლიდერს ამ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს კი განაცხადა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში. მანვე განმარტა, მისი აზრით, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.