პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი კოვიდინფიცირებულები იყვნენ. უწყების ცნობით, 2 პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

"დაჯარიმებული პირები ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით — ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2 000–2 000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს დაწესებული რეგულაციების დამორჩილებისკენ და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.