მინსკის ეკონომიკურმა სასამართლომ ოპოზიციურ ონლაინგამოცემა TUT.BY-ს მედიის სტატუსი ჩამოართვა. სასამართლოს სარჩელით ინფორმაციის სამინისტრომ მიმართა.

როგორც სამინისტროში ამტკიცებენ, სარჩელის საფუძველი თითქოსდა რამდენიმე მასალაში გამოკვეთილი არაზუსტი ინფორმაციისთვის გაფრთხილების მიცემა გახდა. აქამდე, ინფორმაციის სამინისტრომ TUT.BY-ს მედიის ლიცენზია დროებით ჩამოართვა, ვადით 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე.

მედიის სტატუსის ჩამორთმევის გამო TUT.BY-ს ჟურნალისტები სახელმწიფო ორგანოებს ოფიციალური ინფორმაციისთვის ვეღარ მიმართავენ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას პრესკონფერენციებში, ასევე, ართმევს საშუალებას, მიტინგებზე იმუშაონ. გამოცემაში აცხადებდნენ, რომ მედიის სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში მუშაობა გააგრძელებდნენ, როგორც საინფორმაციო ინტერნეტვებგვერდი.

TUT.BY არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინფორმაციო ვებგვერდი ბელარუსში, რომელიც 2000 წლიდან მუშაობს. 2019 წლამდე მას მედიის სტატუსი არ ჰქონია.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ დამოუკიდებელ მედიებსა და ოპოზიციურ რესურსებზე ზეწოლა გააძლიერა. ამის შედეგად ოპოზიციური ტელეგრამარხი Nexta ბელარუსის ხელისუფლებამ ექსტრემისტული დაჯგუფებების სიაში შეიყვანა, ხოლო მისი დამფუძნებლები ტერორისტების სიაში შეიყვანეს.