Amazon-ის ბეჭდების მბრძანებლის სერიალის გუნდს 20 ახალი მსახიობი შეემატა.

ესენი არიან: სინთია ადაი-რობინსონი, მაქსიმ ბალდრი, იან ბლექბერნი, კიპ ჩეპმენი, ენტონი ცრამი, მაქსინ კანლიფი, ტრისტან გრეივილი, სირ ლენი ჰენრი, ტრუსითა ჯეიასუნდერა, ფაბიან მაკკალუმი, საიმონ მერელსი, ჯეოფ მორელი, პიტერ მულანი, ლოიდ ოუენი, ოგუსტუს პრიუ, პიტერ ტეიტი, ალექს ტარანტი, ლეონ უოდჰეიმი, ბენჯამინ უოკერი და სარა ზვანგობანი.

მათი ნაწილი ახალი ზელანდიიდანაა, სადაც ახლა მიმდინარეობს სერიალზე მუშაობა, დანარჩენები კი ავსტრალიიდან, შრი-ლანკადან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.

ახალწვეულები შეუერთდებიან სერიალისთვის წელს უკვე შემომატებულ სხვა მსახიობებს: რობერტ არამაიოს, ოვეინ არტურს, ნაზანინ ბინიადის, ტომ ბაჯს, მორფიდ კლარდს, ისმაელ კრუს კორდოვას, ემა ჰორვათს, მარკელა კავენაგს, ჯოზეფ მავლეს, ტიროი მუჰაფიდინს, სოფია ნომვეტეს, მეგან რიჩარდსს, დილან სმიტს, ჩარლი ვიკერსსა და დანიელ ვეიმანს.

"სამყარო, რომელიც ჯ. რ. რ. ტოლკინმა შექმნა, ეპიკური, მრავალფეროვანი და სულით სავსეა. ეს უნიჭიერესი მსახიობები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან არიან, იმ მრავალწლიანი ძებნის კულმინაციას ასახავენ, რომელიც ამ სამყაროს გასაცოცხლებლად შესაფერისი უნიკალური და შესანიშნავი მსახიობების პოვნას დასჭირდა. Amazon-ის ბეჭდების მბრძანებლის სერიალის საერთაშორისო მსახიობთა გუნდი უფრო მეტია, ვიდრე დასი. ეს ოჯახია. მოხარულები ვართ, რომ მათ შუახმელეთის სამყაროში მივესალმებით", — თქვეს სერიალის შოურანერებმა და აღმასრულებელმა პროდიუსერებმა ჯ. დ. პეინმა და პატრიკ მაკკეიმ.

სერიალის სცენარი ასევე პეინისა და მაკკეის დაწერილია. გარდა ამისა, კონსულტანტი პროდიუსერის როლს მოირგებს სამეფო კარის თამაშების 11 ეპიზოდის სცენარისტი ბრაიან კოგმანი, რამდენიმე სერიას კი იურული სამყარო: დაცემული სამეფოს (Jurassic World: Fallen Kingdom) რეჟისორი ჯ. ა. ბაიონა გადაიღებს.

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის სიუჟეტის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი იმის გამოკლებით, რომ ის ჯ. რ. რ. ტოლკინის ბეჭდის საძმოს წინმსწრებ მოვლენებზე იქნება. შოუს ოფიციალურ Twitter-ზე დაიდო რუკის სურათი, რომელსაც თან ახლდა წარწერა "მოგესალმებით მეორე ეპოქაში". ტოლკინის მითოლოგიაში მეორე ეპოქა ის დროა, როდესაც ძალაუფლების ბეჭდები, მათ შორის საურონის ერთი ბეჭედი, შეიქმნა.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…