გორში მდებარე საცხობი თავის პროდუქციას ორი დღის განმავლობაში უფასოდ გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ობიექტის მეპატრონე, ხატია ჯაფარიძე, ავრცელებს. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ადამიანმა სთხოვა, რომ გაცემული პური და სხვა შეწირულობა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ცენტრალურ ქუჩაზე მყოფ მოწყალების მთხოვნელ ადამიანებსაც შეხვედროდათ. ჯაფარიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ამის უზრუნველყოფას თავად ვერ მოახერხებს, თუმცა, მოხარული იქნება, თუ ვინმე შეძლებს.

საცხობი, რომელიც ფარნავაზის 26-ში მდებარეობს (ყოფილი ძნელაძის ქუჩა), მომხმარებლებს უფასო მომსახურებას 5 დეკემბრის 10 საათიდან შესთავაზებს.

სხვა სოციალური აქციები გორში

აღსანიშნავია, რომ გორში ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეწარმეები სოციალურ კამპანიას იწყებენ. გუშინ, ქალაქში მდებარე სახელოსნო კრეატორიუმმა აქცია #სიკეთეგადამდებია წამოიწყო და განაცხადა, რომ ყოველი გაყიდული ნივთიდან 3 ლარი საგანგებოდ შექმნილ ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც მთლიანად მოხმარდება რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს.

რუსთაველის 79 ნომერში მდებარე სილამაზის სალონმა მარინამ, გუშინ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 და 4 დეკემბერს პენსიონერებს უფასოდ მოემსახურებიან.