პანდემია მეხსიერებას გვიუარესებს — აი, რატომ
თუკი პანდემიის დაწყების შემდეგ შეამჩნიეთ, რომ უფრო ხშირად გავიწყდებათ მეილების გაგზავნა, გიძნელდებათ საჭირო სიტყვების გახსენება ან ზოგჯერ რძის ყიდვა გივარდებათ თავიდან — თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ გარშემო უკვე ბევრი წუწუნებს მეხსიერების გაუარესებაზე.
ამგვარი ყურმოკრული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მტკიცებულებად ვერ გამოდგება, თანაც ჯერ ადრეა ისეთი კვლევებისთვის, რომელიც ჩვენი მეხსიერების ახლანდელ მდგომარეობას COVID-19-ის პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შეადარებდა. თუმცა, ბრიტანეთში ალცჰაიმერის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ოჯახის წევრების ნახევარმა აღნიშნა, რომ ამ დაავადების მქონე მათი ახლობლების მეხსიერება გაუარესდა მას შემდეგ, რაც იზოლირებული ცხოვრება დაიწყეს.
კალიფორნიის ირვინის უნივერსიტეტში კი იწყება კვლევა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა თვითიზოლაციამ ადამიანთა მეხსიერებაზე. უკვე აღირიცხა შემთხვევები, როცა ისეთი ძლიერი ავტობიოგრაფიული მეხსიერების მქონე ადამიანებმაც, ვისაც ახსოვთ, როგორ იყიდეს კინოთეატრის ბილეთი 20 წლის წინ, შეამჩნიეს, რომ რაღაცები ავიწყდებათ.
იზოლაცია და მეხსიერება
არსებობს რამდენიმე განსხვავებული ტიპის მეხსიერება. იმის დავიწყება, თუ რისი ყიდვა გსურდათ, განსხვავდება ვიღაცის სახელის ან იმის დავიწყებისაგან, თუ რა გააკეთეთ გასულ ოთხშაბათს. დაგროვილი ცოდნა იმაზე, თუ როგორ მუშაობს მეხსიერება, გვეხმარება ავსხნათ, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ჩვენი ახალი, იძულებით შექმნილი გარემო ჩვენს მეხსიერებაზე.
ყველაზე ცხადი ფაქტორი იზოლაციაა. კვლევებით გამყარებულია მოსაზრება, რომ სოციალური კონტაქტის ნაკლებობას შეუძლია, ტვინზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც უკვე განიცდიან მეხსიერების გარკვეული სახის პრობლემებს. მაგალითად, ალცჰაიმერის მქონე ადამიანებში მარტოობის დონემ, შესაძლოა, დაავადების მომავალი განვითარებაც კი განსაზღვროს.
რა თქმა უნდა, პანდემიის განმავლობაში ყველას არ უგრძნია თავი მარტოსულად და ზოგიერთი კვლევის შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ მარტოობის განცდის დონემ დროთა განმავლობაში მატება შეწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, დიდად არ განვიცდიდეთ ადამიანური ურთიერთობების შემცირებას, მრავალი ჩვენგანი მაინც ჩვეულებრივზე ცოტა ადამიანს ვხვდებით. ჩვენ აღარ გვაქვს განსატვირთი საუბრები ოფისში ან წვეულებებზე, სადაც ერთ საღამოს უამრავ ადამიანთან ვიკვეთებოდით და ერთმანეთში ვცვლიდით სხვადასხვა ამბავს.
მოვლენების განმეორება ისეთი მოგონებების გამყარებაში გვეხმარება, რომელთაც ეპიზოდური მეხსიერება ეწოდება. რადგან დღეს ძველებურად ვეღარ ვახდენთ სოციალიზაციას, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს მოგონებები ჩვეულებრივზე ნაკლებად ცხადი გახდა.
და მაშინაც კი, როდესაც საუბრის შანსი გვეძლევა, ნაკლები რამ გვაქვს მოსაყოლი. დღესასწაულები უქმდება, ქორწილები განუსაზღვრელი დროით იწევს, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები დამსწრე აუდიტორიის გარეშე ტარდება — ამიტომაც გვაქვს უფრო ნაკლები სასაუბრო. ხოლო სამსახურში ძირითადად იმაზე ვლაპარაკობთ, თუ როგორ გვიშლის ნერვებს ტექნიკის გაუმართაობა.
მართალია, ამის ანაზღაურება ონლაინ სოციალიზაციით შეგვიძლია, თუმცა ეს საუბრები მაინც განსხვავებულია — ნაკლები შანსია, რომ ისეთ ექსტრემალურ პერიოდში, როგორიც პანდემიაა, ბოლო დროს თავს გადახდენილ უმნიშვნელო მოვლენებზე ვილაპარაკოთ.
შფოთვა და მეხსიერება
თუმცა, პრობლემა მხოლოდ სოციალიზაციის ნაკლებობაში არაა. მრავალი ადამიანი აღნიშნავს, რომ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ზოგად შფოთვას განიცდის. მაშინაც კი, როცა აფასებთ თქვენს იღბალს და ხედავთ, რომ ბევრს თქვენზე მეტად უჭირს, გრძნობა, თითქოს სამყარო მეტად საშიში გახდა, მაინც რთული მოსაშორებელია.
ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტის ფსიქობიოლოგი, დეიზი ფანკორტი და მისი გუნდი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ატარებენ კვლევას იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს ადამიანები პანდემიის დროს. მათი დაკვირვებით, მართალია, შფოთვის დონემ პიკს კარანტინის პირველი გამოცხადებისას მიაღწია და ამის მერე ნელ-ნელა კლება დაიწყო, თუმცა საშუალო დონე ჩვეულებრივზე მაინც მაღალია — განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებსა და მათში, ვინც მარტო, ან ბავშვებთან, ან გარეუბანში ცხოვრობს და მცირე შემოსავალი აქვთ. დიდი ბრიტანეთის ნაციონალური სტატისტიკის ოფისმა კი დაადგინა, რომ ქვეყანაში დეპრესიის მაჩვენებელი გაორმაგდა.
დეპრესია და შფოთვაც დიდ გავლენას ახდენს მეხსიერებაზე. დარდი ტვირთავს ჩვენს აქტიურ მეხსიერებას, რაც გვიქვეითებს უნარს, გავიხსენოთ საყიდლების სია ან ის, თუ რა გვაქვს სამსახურისთვის გასაკეთებელი.
მონოტონურობა და მეხსიერება
ვითარება უფრო გაართულა მეხსიერების დამხმარე მინიშნებების ნაკლებობამ. თუკი სამსახურში წასასვლელად გარეთ გადიხართ, თქვენი გზა, ხედების ცვლილება და შუადღის შესვენებები ნაწილებად ყოფს თქვენს დღეს და გეხმარებათ, დროის მონაკვეთებთან დააკავშიროთ მოგონებები. მაგრამ როდესაც სახლიდან მუშაობთ, ყველა ონლაინ შეხვედრა, შესაძლოა, ერთი და იმავედ მოგეჩვენოთ, რადგან, ძირითადად, ერთსა და იმავე პოზაში სხედხართ ერთი და იმავე ეკრანის წინ. ჩვენი მოგონებები ერთმანეთისგან ნაკლებად განსხვავდება, ამიტომაცაა რთული მათი გამიჯვნა.
როგორც ვესტმინსტერის უნივერსიტეტის კოგნიტური ნეირომეცნიერების პროფესორი ქეთრინ ლავდეი ამბობს, "იმის მცდელობა, გავიხსენოთ, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც თითქმის არ არსებობს სხვაობა დღეებს შორის, იგივეა, ვცადოთ, დავუკრათ ფორტეპიანოზე, რომელსაც შავი კლავიშები არ აქვს".
დღეების ერთმანეთთან შერწყმის გარდა, იგივე მოსდით იმ საქმეებსაც, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში აკეთებდით. შეიძლება, ოფისში იმ ოთახისთვის ჩაგევლოთ, სადაც საქმიანი შეხვედრა გქონდათ, ეს კი გაგახსენებდათ, რომ იმავე საქმეზე მეილი უნდა გაგეგზავნათ. სახლში არ გვაქვს მინიშნებები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი სამუშაოს სხვადასხვა ასპექტის გახსენებაში. ყველა მოგონება დაკავშირებულია კომპიუტერთან ჯდომასთან. სამსახურში, შესაძლოა, გაგხსენებოდათ, ზუსტად სად მიმდინარეობდა საუბარი — ლიფტთან თუ ოფისის სამზარეულში — და ეს ამ დიალოგის გამოხმობაში დაგხმარებოდათ.
ამასთან, შესაძლოა, არსებობდეს დამატებითი ფაქტორიც, რომელიც ალბათ, არც კი შეგვიმჩნევია. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე გარკვეული დროის გატარება გავლენას ახდენს ჩვენს ტვინსა და მეხსიერებაზე.
სახლისკენ დასაბრუნებელი გზის პოვნა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადარჩენისთვის. როგორც კი სახლს ვტოვებთ, ჩვენ ყურადღების მოკრებას ვიწყებთ. მნიშვნელობა არ აქვს, გზის გაკვლევას ტყეში ვცდილობთ თუ ქალაქში, ამ დროს აქტიურად მუშაობს ჩვენს ტვინში არსებული ზღვის ცხენის ფორმის უბანი, რომელსაც ჰიპოკამპი ეწოდება. ლონდონის ტაქსის მძღოლებზე ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მათ, ვინც ქალაქის ყველა ქუჩა ზედმიწევნით იცოდნენ, უფრო დიდი ჰიპოკამპით გამოირჩეოდნენ.
ჰიპოკამპის აქტიურობა ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასთანაა კავშირში. ნეირომეცნიერმა, ვერონიკა ბობოთმა აღმოაჩინა, რომ თუკი ადამიანთა ცხოვრება, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ჩაკეტილი და ერთფეროვანი ხდება, მათი ჰიპოკამპის გამოყენების მაჩვენებელიც იკლებს.
ამასთან, მან დაადგინა, რომ მძღოლებს, რომლებიც გზის დამოუკიდებლად გაკვლევის ნაცვლად სატელიტურ ნავიგაციას იყენებენ, ნაკლები სივრცული მოგონებები აქვთ, რომელთა წარმოქმნაც სწორედ ჰიპოკამპზეა დამოკიდებული.
გათანგვა და მეხსიერება
არ უნდა დაგვავიწყდეს ზოგადი გადაღლაც, რომელიც ასევე არ ეხმარება ჩვენს მეხსიერებას. ზუმის შეხვედრები დამღლელია, ზოგიერთი საქმე სახლიდან უფრო რთული გასაკეთებელია, ხოლო სადღესასწაულო შვებულებებმა აზრი დაკარგეს. რუტინის ნაკლებობასა და პანდემიასთან დაკავშირებულ შფოთვას ძილის დარღვევა შეუძლია. ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ, გასაკვირი აღარაა, რატომ ვართ მუდმივად დაღლილები.
რჩევები მეხსიერების გასაუმჯობესებლად
თუკი პანდემიის გამო თვეების განმავლობაში დროის უმეტესი ნაწილი სახლში გაატარეთ, თქვენ დაკარგეთ ის დამატებითი სტიმულაცია, რომელიც სამყაროსთან უფრო აქტიურად ინტერაქციიის დროს წარმოიქმნება.
კარგი ამბავი ისაა, რომ გამოსავალი არსებობს.
სასეირნოდ გასვლა, განსაკუთრებით კი ისეთ ქუჩებში, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობი არაა, დაეხმარება ჩვენს ტვინს ყურადღების მოკრებაში.
თუმცა, უბრალოდ, გადაადგილებაც კი სასარგებლო შეიძლება იყოს. დაფიქრდით, რამდენად აუცილებელია, რომ ყოველი შეხვედრის განმავლობაში მაგიდასთან იყოთ მიჯაჭვული. თუ ეს მხოლოდ სატელეფონო ზარია, სცადეთ, ქუჩაში იაროთ და თან ილაპარაკოთ.
ასევე, დარწმუნდით, რომ სამუშაო და დასვენების დღეები ერთმანეთში არ ირევა. ეს დაგეხმარებათ, დაძლიოთ დროის ის დამახინჯებული აღქმა, რაც ჩვენმა ახალმა ცხოვრებამ მოიტანა.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დღეებს მრავალფეროვნება შევძინოთ, რაშიც შემოქმედებითი აზროვნება დაგვეხმარება. თუ გარეთ გასვლა არ შეგიძლიათ, უმჯობესია, სრულიად ახალი აქტივობით სახლში დაკავდეთ და შემდეგ უამბოთ ამის შესახებ სხვას, რათა მოგვიანებით უკეთესად გაიხსენოთ განხორციელებული აქტივობა.
ყოველ საღამოს განვლილი დღის შეგნებულად გახსენება მოგონებების გამყარებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, დღიურიც აწარმოოთ. ამ დღეების განმავლობაში ნაკლები რამ ხდება, რაც ჩანიშვნის ღირსია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ერთ დღეს საინტერესო აღმოჩნდეს ამ მოგონებებისთვის თვალის გადავლება.
თუკი გავიწყდებათ რაღაცების გაკეთება, მაშინ სიის შედგენამ და თქვენს ტელეფონზე შემახსენებლის დაყენებამ შეიძლება, იმაზე უკეთესად იმოქმედოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ასევე გამოიყენეთ წარმოსახვის უნარი — თუ გსურთ, გაიხსენოთ, რომ რძე, პური და კვერცხი გაქვთ საყიდი, წარმოიდგინეთ, თუ როგორ სტუმრობთ საჭირო დახლებს ზუსტად იმ მაღაზიაში, რომელში წასვლასაც გეგმავთ. როდესაც ამ მაღაზიას მიაკითხავთ, წარმოდგენილი შოპინგი მოგაგონდებათ და უფრო დიდი შანსია, რომ ყველაფერი გაიხსენოთ, რისი ყიდვაც გჭირდებათ.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
კომენტარები