ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, არ შეესაბამება სიმართლეს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მიზეზი ტესტის ვერგაკეთებაა, რადგან საქართველო ტესტების რაოდენობით მსოფლიო ლიდერე ქვეყნებს უტოლდება. ამის შესახებ ცერცვაძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ყოველ ერთ ასეთზე [გარდაცვალების შემთხვევა] საქართველოში მოდის 5 და 10 შეცდომა ევროპის ყველა განვითარებულ და ამერიკის ქვეყნებში, თუ ეს შეცდომა იყო, ან ობიექტური სიძნელით გამოწვეული ტრაგედია. თვითონ პანდემიასთან გამკლავება ტრაგიკული შემთვევების და ზოგჯერ, ალბათ, შეცდომების გარეშეც, ექიმებიც ადამიანები არიან, ალბათ, შეუძლებელია. შესაძლოა, ბევრს არ აქვს ტესტის თავისი ხარჯით გაკეთების საშუალება, მაგრამ ტესტირების რაოდენობით ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე,ხვალიდან ტესტების რაოდენობითაც ვუტოლდებით მსოფლიო ლიდერებს. თქვენ რა გინდათ, მითხრათ, ჩვენთან 15-16 გარდაცვლილი იმიტომაა, რომ ტესტი გაკეთების საშუალება არ აქვთ? — ეს აბსოლუტურად არ შეესაბამდება სიმართლეს", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 2 947 . გარდაიცვალა — 45 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 147 636. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა — 124 568, ხოლო გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 1 387-ია.