ეჭვგარეშეა, რომ პანდემიამ ყველა ჩვენგანის რუტინა შეცვალა — სწავლა, სამსახური, გართობა — ყოველი ეს აქტივობა სახეცვლილი ფორმით დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში და ახალი რეალობა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გამოწვევად აქცია.

მაშინ, როცა სირთულეებთან გამკლავებაში — იქნება ეს მატერიალური თუ მენტალური — ინდივიდუალური ძალისხმევა საკმარისი არაა, იკვეთება სახელმწიფოს, როგორც დამხმარე ფიგურის როლი. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება და საზოგადოებრივ სივრცეში ფეხმოკიდებული ეიბლიზმი კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფებს მოწყვლადად აქცევს და მათ საბაზისო საჭიროებებზე წვდომასაც კი უზღუდავს, მით უმეტეს, როცა პრობლემა ჯერ კიდევ პანდემიის გამოჩენამდე არსებობდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და უფლებადამცველებს არაერთგზის უსაუბრიათ ქვეყანაში იმ კომპლექსურ პრობლემებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურობაზე ნეგატიურად აისახება. მისაწვდომი სოციალური და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების (ან ობიექტების) ნაკლებობა, მისით გამოწვეული დისკომფორტი და, შესაბამისად, სოციალიზაციის პრობლემა შშმ პირებს ხშირად უბიძგებს ჩაკეტილი ცხოვრებისაკენ. საზოგადოებისა და მისი რუტინისგან მოწყვეტა რომ გარკვეულ სტრესსა და შფოთვასთანაა დაკავშირებული, ეს თითქმის ყველა ჩვენგანმა კარგად გავიაზრეთ თვითიზოლაციაში, თუმცა ამგვარი მდგომარეობა, როგორც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, არაერთი თანამოქალაქისათვის ჩვეულ ცხოვრებას წარმოადგენს. მათზე კი, ვინც ბევრი წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევა და ბარიერის გარღვევა მოახერხა, კოვიდპანდემიის სოციალური შედეგები კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა.

ფოტო: Boyko / Dribbble

არასათანადო ძალისხმევა შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის

გამოწვევების კომპლექსურობაზე, სახელმწიფოს მიდგომებსა და მის როლზე ამახვილებს ყურადღებას იურისტი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ლიკა ბაციკაძე.

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან მიმართებით, შშმ თემი ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს", — ამბობს ბაციკაძე On.ge-სთან საუბარში, — "ამიტომ, შექმნილი კრიზისული სიტუაცია, სოციალური იზოლაცია და საკარანტინო ღონისძიებები, მათზე უფრო მძიმედ აისახება. ვფიქრობ, ეროვნულ დონეზე მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემური ხედვა, რომელიც, მიმდინარე პერიოდში მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფდა. არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების სათანადოდ შესწავლა, მათ შორის, რისკ-ჯგუფში მყოფი პირების იდენტიფიცირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მათთვის მხარდამჭერი მომსახურებების დანერგვის მიზნით, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე".

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ სოციალური დაცვის, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სექტორი არ აღმოჩნდა მზად შშმ პირებისადმი მგრძნობიარე და გონივრულ მისადაგებაზე დაფუძნებული ნაბიჯების გადადგმისთვის.

"აღნიშნულს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში, სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული სტატუსის მინიჭების ხარვეზული სისტემა და შშმ პირებთან დაკავშირებული ზუსტი, სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების არქონა", — აცხადებს ბაციკაძე.

პანდემიის პერიოდში შშმ პირებისთვის შექმნილი დამატებითი დაბრკოლებები

პანდემიით გამოწვეული დისკომფორტის გარდა პრობლემებს ქმნის არაერთი ფაქტორიც, რომელიც, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება პანდემიამდელ პერიოდს. შეზღუდული წვდომა საჭირო მომსახურებასა თუ ინფორმაციაზე, ერთ-ერთი მათგანია, თუმცა, ბაციკაძის თქმით, ამას დაემატა მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამების შეჩერება, პრობლემები პირების დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფასა და განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის სერვისებში. "მოდიფიცირებული სერვისების დისტანციურად მიწოდება, არაეფექტური გამოდგა, ზოგ შემთხვევაში კი კონკრეტული საჭიროების მქონე ბენეფიციარები მის მიღმა აღმოჩნდნენ". საბოლოო ჯამში, როგორც ბაციკაძე აღნიშნავს, ამ ყველაფერმა თემის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

"ერთ-ერთი ასეთი საკითხია ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებების სათანადოდ გაუთვალისწინებლობა", — ამბობს ბაციკაძე, — "მოგეხსენებათ, სოციალური ბენეფიტი განისაზღვრა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები, ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების სამედიცინო მოდელის გამო არ აქვთ მინიჭებული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, მხარდაჭერის მიღმა აღმოჩნდნენ. ამასთან, ბევრი შშმ პირი, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დასაქმებულნი იყვნენ არაფორმალურად, დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დღის წესრიგში დააყენა მათთვის გადაუდებელი სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაწევის აუცილებლობა".

მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი საშიშროება, რომელიც არსებული პროგრამების შეჩერებამ გამოიწვია — ბაციკაძის შეფასებით, ამ ყველაფერმა, განვითარების პროცესის შეფერხებასთან ერთად, "გამოკვეთა უკვე მიღწეული შედეგების დაკარგვის რეალური საფრთხეც".

შექმნილმა ვითარებამ საფრთხე შეუქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას, როგორებიცაა: რეაბილიტაცია-აბილიტაცია, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფა და სხვა. რიგი მოდიფიცირებული სარეაბილიტაციო სერვისების დისტანციურად მიწოდებამ განაპირობა მათი არაფექტურობა და გარკვეული კატეგორიის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ბენეფიციარების, თვეების განმავლობაში აუცილებელი მომსახურების მიღმა დატოვება.

"პანდემიამ, განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედა სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებულ შშმ პირებზე. წარმოიშვა პრობლემები დასახელებულ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეფექტური ზომების მიღების კუთხითაც. შეჩერებული სერვისებისა და დამძიმებული სოციალური მდგომარეობის ფონზე, ოჯახები ვერ უმკლავდებიან შშმ პირთა რიგ საჭიროებებს, ამას ემატება ისიც, რომ მუნიციპალურ დონეზე კი არ ხდება ქმედითი ღონისძიებების გატარება, რაც, თავის მხრივ, იწვევს ამ ადამიანების პროტესტს", — დასძენს ბაციკაძე.

პრობლემები თვალშისაცემი გახდა ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებშიც, იმ ფონზე კი, როდესაც მენტალური ჯანმრთელობის დაცვა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, ამ ხარვეზების დროული და ადეკვატური გადაჭრის საჭიროებაც არსებობს.

ფოტო: Julie Campbell / Dribbble

ხარვეზები ინკლუზიურ განათლებაში

განვითარებად ქვეყნებში ჯერ კიდევ დგას ინკლუზიური განათლების სწორი ფორმით მიწოდების საკითხი, თუმცა დისტანციურ რეჟიმში სწავლებამ პრობლემები შექმნა იმ სახელმწიფოებშიც, სადაც აპრობირებული მეთოდებით განათლების მიწოდება დიდი ხანია, ხორციელდება.

გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც უპირველეს გამოწვევად იქცა დაბრკოლებები დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სსსმ (შშმ) მოსწავლეების/სტუდენტების ჩართვასთან, სასწავლო პროცესების მისაწვდომი ფორმატებით წარმართვასთან, მხარდამჭერი მომსახურებების შეთავაზებასთან, შესაბამისი ადამიანური რესურსის დროულ და ეფექტურ მობილიზებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ეხება როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებს.

"სიტუაციის ანალიზმა ცხადყო, რომ საჭიროა ონლაინ/ბლენდირებულ სწავლებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ციფრული ინფრასტრუქტურის, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება რეგიონებში", — აგრძელებს ბაციკაძე, — "ხაზი უნდა გაესვას რესურსსკოლებში არსებულ მდგომარეობას — სამწუხაროდ, აღნიშნულ დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დამაბრკოლებელ გარემოებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დონეზე სიღრმისეული კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, სუპერვიზიის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ პრობლემას წარმოადგენს ინტერნეტის, შესაბამისი ტექნიკის/საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობა, მშობლების მოუმზადებლობა. განსაკუთრებული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდენ ქცევის სირთულისა და სენსორული შეზღუდვის მქონე მოსწავლეების მშობლები".

"პანდემია დამთავრდება, პრობლემები დარჩება"

იკო იაკობიძე ეტლით მოსარგებლე პირია და მიუხედავად არსებულ რეალობაში არაერთ წინააღმდეგობასთან გადაწყდომისა, პანდემიის დაწყებამდეც იყო დასაქმებული. გარდა ამისა, აქტიურად იყო ჩართული შშმ პირებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა აქტივობაში და ხშირად ხვდებოდა საკუთარ მეგობრებს გასართობად.

პანდემიამდელ და პანდემიის პერიოდში შექმნილ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იგი On.ge-სთან საუბრობს.

"იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის თებერვლის შემდეგ, თითქმის ერთი წელია უკვე, დისტანციურად მიწევს მუშაობა, სახლში ჯდომა ჩემთვის დიდი დისკომფორტია", — აღნიშნავს იკო, — "ფაქტობრივად, პარალიზებული აღმოვჩნდი 'შინაპატიმრობაში' კორონავირუსის პანდემიის გამო. თუმცა, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ პერიოდულად ერთგვარი 'გამონათებებია' ხოლმე და, ამასთან, მხოლოდ მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში".

იკოს სიტყვებიდან ყველაზე ნიშანდობლივი ალბათ "შინაპატიმრობაა", რომელიც, როგორც მოგვიანებით განმარტავს, არაერთი ფაქტორისა თუ გარემოების გათვალისწინებით, ბევრი შშმ პირისათვის პანდემიამდეც წარმოადგენდა ყოველდღიურობის ნაწილს. იკო იმედოვნებს, რომ ეს პერიოდი მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად გარდამტეხი მოვლენა გახდება, საზოგადოება და სამთავრობო სექტორი კი მეტად დაფიქრდება, რას ნიშნავს, როცა "პანდემია მთავრდება, თუმცა პრობლემების რჩება".

"შშმ პირების დიდ ნაწილს პანდემიამდელ რეალობაშიც არ ჰქონდა გარეთ გამოსვლის საშუალებაც კი — ზოგს კიბეები აქვს სადარბაზოსთან და საკუთარი ბინიდან გამოსვლასაც ვერ ახერხებს", — დასძენს იკო.

პანდემიის გამო შეცვლილ გეგმებზე საუბრის დროს იგი აღნიშნავს, რომ 2020 წელს არაერთი საინტერესო გეგმა და მიზანი ჰქონდა დასახული, რომელთა ნაწილის განხორციელებაც მოახერხა, თუმცა, მეტწილად, მათი სამომავლოდ გადადება მოუწია. ამ ყველაფერმა კი, გარკვეულწილად, "უსუსურობის შეგრძნება" გაუჩინა. გეგმებში შედიოდა მართვის მოწმობის აღება და კარიერული წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯები. ასევე ვლოგების სერიის შექმნა, რომლის კეთებაც გასულ შემოდგომაზე დაიწყო. ამ პროექტის მიზანი, მისივე თქმით, სხვა ადამიანებისათვის გამოცდილების გაზიარება იყო, რადგან, როგორც იკო აღნიშნავს, "გვერდით რომ ის ადამიანი ჰყოლოდა, ვინც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებდა, მისი ცხოვრება ბევრად მარტივად წარიმართებოდა".

რაც შეეხება თვითიზოლაციაში დროის გატარებას, იმის გათვალისწინებით, რომ იკოს, როგორც თავად აღნიშნა, აქტიური ცხოვრების სტილი ჰქონდა პანდემიამდე, ბევრი ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, შემსუბუქებული შეზღუდვების პერიოდში, წესების დაცვით, ცდილობდა მონატრებული აქტივობების ნაწილით მაინც დაკავებულიყო — შეხვედროდა მეგობრებს, ესეირნა სუფთა ჰაერზე და სხვა. ამჟამად, სახლში იგი, მეტწილად, თვითგანვითარებაზე ზრუნვითაა დაკავებული; დაინტერესებულია ფსიქოლოგიითა და ბოლო პერიოდში, როგორც ამბობს, საინტერესო სალექციო ონლაინკურსებს გადის პიროვნული განვითარების შესახებ.

"ამასთან, ვფიქრობ ახალ იდეებზე, რომელთა განხორციელებაც მსურს — ვცდილობ, ისინი ჩამოვწერო და სამომავლოდ, იმ შემთხვევაში თუ მშვიდობიანი წელი იქნება, დრო არ დავკარგო", — დასძენს იგი.

მომავალზე საუბრისას იკო კვლავაც პანდემიამდელ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ მომდევნო პერიოდში, როცა ადამიანები საკუთარი გამოცდილებიდანვე უკეთ შეიცნობენ შშმ პირების ყოველდღიურობის სირთულეებს, აქტიური მუშაობა დაიწყება გარემოს განვითარებასა და ადაპტირებაზე.

"პანდემია რომ დამთავრდება..." წინადადებას კი იკოსთვის, ერთი შეხედვით, მარტივი გაგრძელება აქვს — როგორც ექსტროვერტ და სოციალურად აქტიურ ადამიანს, მას ხალხთან კონტაქტი და მუსიკის საჯარო სივრცეში მოსმენა ენატრება, ამიტომ, შესაძლებლობის დაბრუნების შემთხვევაში, უპირველესად სწორედ ამ უკანასკნელის განხორციელებას აპირებს.

ფოტო: Kit8 / Dribbble

რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს?

როგორც ეს იკოს ნაუბრიდანაც გამოიკვეთა, საზოგადოებრივ აზრთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანია სამთავრობო სექტორის როლი, რომელიც, შეიძლება ითქვას, უშუალოდაა პასუხისმგებელი კომპლექსური მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. უფრო კონკრეტულ საჭიროებებზე საუბრობს ბაციკაძე.

"პირველ რიგში, აუცილებელია, შესწავლილ იქნას შშმ პირთა საჭიროებები და მათ შესთავაზონ მხარდამჭერი სერვისები, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე", — აღნიშნავს იგი, — "გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოხდეს თავად შშმ პირებისა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართვა. სწორედ, მათი უშუალო მონაწილეობით უნდა შემუშავდეს როგორც პანდემიის, ისე მის შემდგომ პერიოდში შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების კომპლექსური სტრატეგია. მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება და მობილიზება, მკაფიო პროტოკოლების შემუშავება, რათა სამედიცინო რესურსების სიმწირისა და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებზე, მათ შორის, სიცოცხლის შემანარჩუნებელ საშუალებებზე, შეზღუდული წვდომის პირობებში, არ ჰქონდეს ადგილი დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ".

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე დასძენს, რომ COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის და ოფიციალური ინსტრუქციების შესაბამის ფორმატში მიწოდება — ჟესტურ ენაზე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხმოვანი სერვისებით და ადვილად წაკითხვადი და გამარტივებული ენით — აუცილებელია.

"ასევე, საჭიროა მიზნობრივი რეაბილიტაციის მომსახურებების იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის უწყვეტობას ბენეფიციარებისთვის, ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციას", — ამბობს ბაციკაძე, — "მნიშვნელოვანია, ზედამხედველობა გაეწიოს შშმ პირთა 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში პრევენციული ღონიძიებების სათანადოდ დაცვას და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სსსმ (შშმ) მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩართვის მიზნით. არ უნდა იქნას უგულებელყოფილი შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობის საკითხიც".

სახალხო დამცველის წარმომადგენელი კოვიდინფიცირებულ შშმ პირებზე ზუსტი სტატისტიკის წარმოების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-11 მუხლი ხაზს უსვამს, რომ სარისკო და საგანგებო სიტუაციებში სახელმწიფომ ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს, ამავე კონვენციის 31-ე მუხლით კი მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები, რაც უზრუნველყოფს კონვენციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.

ბაციკაძე ასევე დასძენს, რომ "სტატისტიკური მონაცემები მოგვცემს საშუალებას შევხედოთ დინამიკას, სწორად შევაფასოთ საჭიროებები, გამოვკვეთოთ რა სახის დაბრკოლებებს აწყდებიან კოვიდინფიცირებული შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები, დავნერგოთ მიზნობრივი მხარდამჭერი მომსახურებები, მოვახდინოთ ჯანდაცვის სექტორის ეფექტური მობილიზება და პერსონალის ინფორმირება, რათა ისინი მომზადებულები იყვნენ ურგენტულ სიტუაციებში შშმ პირთათვის ხარისხიანი და გონივრულ მისადაგებაზე დაფუძნებულ მომსახურების გასაწევად".

დაბოლოს, როგორც ამას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც აღნიშნავს და შექმნილი სურათიც ცხადყოფს, შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით არსებული გამოწვევები საკმაოდ კომპლექსურია. მათთან გამკლავება კი სათანადო ძალისხმევის, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმის გარეშე შეუძლებელია.

ალბათ სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი, რათა პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად და მის დასასრულს მაქსიმალურად აღმოიხვრას ის დამაბრკოლებელი ფაქტორები, რომლებიც ჩვენი სოციუმის განუყოფელ ნაწილს საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვასა და სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს უშლის.