44 დღიანი ომის შედეგად მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის 2 783 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ დღემდე უწყება დაღუპულების შესახებ ცნობებს არ ახმაურებდა. უწყების თანახმად, 100-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგულად ითვლება, 1 245 — დაიჭრა.

27 სექტემბერს დაწყებული ომი მთიან ღაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად დასრულდა. შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის გარშემო მდებარე რაიონები აზერბაიჯანს გადაეცა.

ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, შეთანხმებაში არ წერია.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს.

ამავე თემაზე: