2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 511 853 ამომრჩეველი შეადგინა. ცესკოს თანახმად, პროპორციულ საარჩევნო სისტემის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 1 952 891 ადამიანი იყო. საარჩევნო სუბიექტებიდან საარჩევნო ბარიერი 9-მ გადალახა. ესენია:

  • ევროპული საქართველო — 72 986 ხმა, 3,79%, მანდატების რაოდენობა — 5;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია — 523 127 ხმა, 27,18%, მანდატების რაოდენობა — 36;
  • პატრიოტთა ალიანსი — 60 480 ხმა, 3,14%, მანდატების რაოდენობა — 4;
  • ლეიბორისტული პარტია — 19 314 ხმა, 1%, მანდატი — 1;
  • ალეკო ელისაშვილი: მოქალაქეები — 25 508 ხმა, 1,33%, მადატი — 2;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 60 671 ხმა, 3,15%, მანდატი — 4;
  • გირჩი — 55 598 ხმა, 2,89%, მანდატი — 4;
  • ქართული ოცნება — 928 004 ხმა, 48,22, მანდატები — 60;
  • ლელო — 60 712 ხმა, 3,15%, მანდატები — 4;

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამებამდე კომისიის სამმა წევრმა სხდომის დარბაზი დატოვა. მათი თქმით, არჩევნების შედეგები გაყალბდა და ამიტომ სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ. ერთ-ერთი კომისიის წევრმა სხდომის დარბაზის კედელზე დატოვა წარწერა: არჩევნები გაყალბებულია.

ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ კომისიის წევრებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, რაც ახალი არ არის და იგივე განმეორდა 2016 წელსაც. მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არ დამდგარა.

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია.