ჩეხეთის რესპუბლიკა გმობს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი პროგრამის შემუშავებას, რომელიც საერთო სოციალ-ეკონომიკური სივრცის შექმნას გულისხმობს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ქმედებები, რომელიც ხელს უშლის უსაფრთხოების კუთხით რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებას. ასევე, მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნოემბერში იმსჯელეს. როგორც TASS წერს, პროგრამის მიზნებია აფხაზეთის მონაწილეობა ინტეგრაციულ პროცესებში, რომელიც რუსეთის ხელშეწყობით ან ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის ვადა 2-3 წელს მოიცავს.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზეა განმარტებული, ამ ხნის განმავლობაში არაერთ სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია იგეგმება.