საცალო სავაჭრო ცენტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ მიეცეთ მუშაობის განახლების საშუალება 15 დეკემბრიდან, ასევე, გათავისუფლდნენ 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან.

"გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას [...]

მოხდეს 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე, მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში, შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, როგორც თანამშრომელთა არსებული რაოდენობის, ისე საიჯარო ურთიერთობების შენარჩუნებას, მუშაობა ფორს-მაჟორში და თვითგადარჩენის რეჟიმში უწევთ.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ მათ სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ დასაქმებულია 2 000-მდე (მოლების ადმინისტრაცია, მომსახურება და ა.შ.), ხოლო საცალო მაღაზიებში — 15 000-მდე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, სავაჭრო მოლებში არაპირდაპირ დასაქმებული ადამიანების ჩათვლით, ჯამში 25 000 სამუშაო ადგილის და ასეულობით მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობას ექმნება საფრთხე.

"ჩვენ, ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანამშრომელთა ამ რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯულია. ასევე, ამოწურულია ყველა ის ლიმიტი, რაზე გათვლაც გვქონდა ოპერირების აღდგენიდან წლის ბოლომდე. ოპერირების შეზღუდვის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვერ შეძლებს", — აცხადებენ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები.

ისინი საუბრობენ საბანკო ვალდებულებებზეც და ამბობენ, რომ დღის წესრიგში დგას სესხების რესტრუქტურიზაციის პრობლემაც. მათი თქმით, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის განახლებისთვის გაცილებით მეტი დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდებათ, ვიდრე ამის მობილიზებას შეძლებენ ჩაკეტვის პერიოდში.

"საქართველოს ეკონომიკას და საცალო ვაჭრობის სექტორს ამ პერიოდში მიადგება 1 მილიარდ ლარამდე ზარალი, რაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს ათი ათასობით ოჯახს. სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს ასეულობით მილიონ შემოსავალს სხვადასხვა გადასახადების სახით და მნიშვნელოვნად შეარყევს იმ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას, რომლებმაც 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს ამ დარგში", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები ითხოვენ ხელისუფლებასთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას უსაფრთხოებისათვის საჭირო იმ დამატებით ღონისძიებებზე სასაუბროდ, რომელზეც აპირებენ აიღონ პასუხისმგებლობა, თუ მთავრობა მუშაობის განახლების საშუალებას მისცემს.

"მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ღონისძიებების გატარებაზე, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ნაკადების მართვა სავაჭრო ობიექტებში უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით", — ამბობენ განცხადების ავტორები.

მათი სურვილია ჰქონდეთ სწრაფი კომუნიკაციის საშუალება მთავრობასთან, რათა ერთობლივად განიხილონ მინიმალური დანაკარგებით კრიზისიდან გამოსვლის გზები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • თბილისი მოლი;
  • ისთ ფოინთი;
  • თბილისი ცენტრალი;
  • ქარვასლა;
  • სიტი მოლი;
  • გლდანი მოლი;
  • შპს რითეილ გრუპ ჯორჯია და მასთან აფილირებული კომპანიები;
  • შპს ელსი ვაიკიკი გე;
  • შპს ICR ჰოლდინგი;
  • შპს თრეიდლაინი — დრესაპ;
  • შპს ჯითექსი.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები გამკაცრა და ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელთა შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაგება შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ: