პანდემიის ფონზე, კომპანიების სერვისების დიდი ნაწილი ციფრულ სამყაროში დაჩქარებულად გადაეწყო. ხოლო კომპანიები, რომლებიც გაციფრულების გამოწვევის წინაშე დგანან, ასევე აწყდებიან მნიშვნელოვან საჭიროებას — მომხმარებლის ამოცნობის, ანუ პირის იდენტიფიკაციისა და შემდეგ მისი ავთენტურობის დადგენის აუცილებლობას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროების კვალდაკვალ, სწრაფადვე იქმნება ციფრული პროდუქტები, რომლებიც კომპანიებისთვის ამ ტექნოლოგიური სერვისის გაწევას უზრუნველყოფს. ამას ცდილობს ქართული სტარტაპი Kvalifika, რომელიც პირველი ქართული კომპანიაა BERKELEY SKYDECK-ის აქსელერაციის პროგრამაში, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერილ 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაშიც მოხვდა. Kvalifika-მ ამ სისტემის შექმნა მანამდე დაიწყო, სანამ პანდემია გაციფრულების საჭიროებას თითოეულ ბიზნესს დაანახებდა.

Kvalifika ხვეწს მის პროდუქტს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მომხმარებლის ავთენტურობის დადგენა სწრაფად და სანდოდ შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორ ISO სერტიფიკატს ფლობს, რაც პროდუქტის გამართულობასა და სანდოობაზე მეტყველებს. Kvalifika-ს პროდუქტის გამოყენებით სახის 3D რუკის შედგენა და დოკუმენტთან შედარებაა შესაძლებელი და არამხოლოდ. დეტალების უკეთ გასაგებად Kvalifika-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, გაბრიელ მელივას ვესაუბრეთ.

გაბრიელ მელივა საბანკო სფეროში 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ამ მიმართულებით, პროექტების ციფრულ ტრანსფორმაციას კურირებდა. ამ პერიოდში მან დისტანციური იდენტიფიცირების საჭიროება დაინახა და მისი თქმით, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ყველა ონლაინ ბიზნესისთვის აუცილებელი იყო ციფრული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიები.

გაბრიელმა და მისმა მეგობრებმა, 2019 წელს ამ მიმართულებით აქტიური მუშაოაბა დაიწყეს და უკვე 2020 წლის თებერვლისთვის პროდუქტი მზად ჰქონდათ. ამავე თვეს დაიწყეს თანამშრომლობა პირველ კლიენტთანაც. შემდეგ იყო პანდემია, რამაც გაბრიელის გუნდის მიერ შექმნილი პროდუქტის საჭიროება კიდევ უფრო გაზარდა.

"ჩვენი მიზანია ფიზიკური პირის იდენტიფიცირების პრობლემის გადაჭრა. ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, იდენტიფიცირებას ახდენს არა ადამიანი, მაგალითად ბანკის თანამშრომელი, პოლიციელი, თუ სხვა, არამედ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უფრო სწრაფია, უშეცდომოა და რაც მთავარია, ეს ხდება ბევრად გამარტივებული პროცესით", — ამბობს გაბრიელ მელივა.

აღსანიშნავია, რომ Kvalifika-ს დაარსებიდან ერთი წელია გასული და კომპანია ბაზარზე უკვე აქტიურად მოღვაწეობს. Kvalifika-ს პროდუქტის გამოყენება უამრავ სფეროში შეიძლება, მათ შორის თანხის გადარიცხვისას, საქმიანი ხელშეკრულების გაფორმებისას, საჯარო უწყებებში ინდენტიფიკაციისას, ონლაინ განათლების, ტესტირებების, პროდუქტების გაქირავების და რაც ნამდვილად სიახლეა, ელექტრონული არჩევნების მიმართულებითაც.

"ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სჭირდება კლიენტის იდენტიფიცირება კვალიფიციური მეთოდით. ასეთი კომპანიები არიან ფინანსური ინსტიტუციები, მათ შორის ბანკები, სადაზღვეოები და ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციები. ამის პარალელურად, მოთხოვნის სფერო სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ეს ტექნოლგიები გამოიყენება მანქანების გაქირავების სერვისებში, დასაქმების სფეროში, მაგალითად ტელემედიცინაში, როდესაც ქმნი პლატფორმას, სადაც კვალიფიციური ექიმების დარეგისტრირება გსურს. ამასთან, მსგავს პლატფორმაზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დარეგისტრირება და ინდენტიფიკაციაა შესაძლებელი. ეს არის ის მიმდინარეობები, სადაც ყველაზე დიდია მოთხოვნა, თუმცა, მსგავსი მომსახურებით ნებისმიერ სფეროს შეუძლია ისარგებლოს", — ამბობს გაბრიელი.

გაბრიელი, უშუალოდ, kvalifika-ს ტექნოლოგიასა და მისი გამოყენების პრინციპებზეც გევსაუბრა:

"ჩვენი ტექნოლოგია დაკავშირებულია ბიომეტრიასთან. ამიტომ, ჩვენ შესაბამისობაში ვართ როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე GDPR (ევროზონის წევრ ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია) მოთხოვნებთან. რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიების გამოყენებას, ეს შემდეგნაირად შეგიძლიათ: პირველი რაც არის, ესაა ადამიანის ავთენტურობის შემოწმება. უკვე მეორეა დოკუმენტების ვალიდურობა, ეს მოიცავს დოკუმენტიდან სპეციალური კოდის გაშიფრვას და მის ვალიდაციას. როგორც ხედავთ მომხმარებლისთვის ვალიდაციის მიღების პროცესი ძალიან მარტივია. ირთვება კამერა, ადამიანს კამერასთან მიაქვს სახე და აჩვენებს დოკუმენტს, სულ ეს არის".

როგორც ვნახეთ, ამ ყველაფერს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. რაც მთავარია, პანდემიის პირობებში ადამიანს ფიზიკურად ადგილზე გამოცხადება არ უწევს და ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, შეუძლია ყველა აუცილებელი სერვისი დისტანციურად მიიღოს.

გაბრიელთან Kvalifika-ს კონკურენტულ უპირატესობაზეც ვისაუბრეთ. მისი თქმით, ყველაზე მთავარი უპირატესობა არის სისტემის დაცულობა. როგორც გაბრიელმა გვითხრა, — "ბიომეტრიაში ცდომილება FAR-ით იზომება (False Acceptance Rate). ამ მხრივ, ჩვენი სისტემა ძალიან სანდოა. მაგალითისთვის, ჩვენი სისტემა ოთხჯერ უფრო სანდოა ვიდრე Apple Face ID, რომელსაც ტელეფონებში ვიყენებთ და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პროდუქტად ბიომეტრიის მიმართულებით."

  • აქსელერეაციები

Kvalifika-ს, როგორც პროდუქტის მნიშვნელობაზე, მის მიერ სხვდასხვა აქსელერაციების პროექტებში მოხვედრაც მიგვანიშნებს. Kvalifika პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც BERKELEY SKYDECK აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. აქსელერეაციაში მოსახვედრად 1800-ზე მეტი აპლიკაცია იყო შესული. Kvalifika 50 საუკეთესოში შევიდა. აქსელერაციის ფარგლებში Kvalifika-მ 6 თვიანი მხარდაჭერა მიიღო, რაც თავის თავში უამრავ ბენეფიტს მოიცავს.

"ჩვენ უკვე ზაფხულში დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი პროდუქტი საერთაშორისო დონეზე ყოფილიყო აქტუალური. როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, მივხვდით, რომ აუცილებელი იყო საერთაშორისო აქსელერატორში მოხვედრა. შევავასეთ Berkeley-ის აქსელერაციის განაცხადი. ორი თვის შემდეგ მოგვივიდა დადებით პასუხი. ეს პროექტი არის ექვსთვიანი, რომელიც თავის თავში მოიცავს სხდასხვა პროცესებს. ბერკლის აქსელერაცია არის პროგრამა, რომელიც გვეხმარება ზრდაში და გლობალური პროდუქტის შექმნაში. ასევე, გვაძლევენ საკმაოდ კარგ რესურსებზე უფასო წვდომას. ამას გარდა, გვეხმარებიან ინვესტორებთან კომუნიკაციაში. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", — გვითხრა გაბრიელმა.

ამასთან, სულ ცოტა ხნის წინ Kvalifika საქართველოს ბანკის მხარდაჭერილ 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაშიც მოხვდა.

"ეს აქსელერაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გავაკეთეთ განაცხადი და 150 კომპანიიდან 15 სტარტაპი აგვარჩიეს. ეს აქსელერაცია დაგვეხმარება საერთაშორისო დონეზე განვითარების მიღებაში, ცოდნის დაგროვებასა და ინვესტორებისთვის პროექტის წარდგენაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღე და ღამე გვაქვს გაერთიანებული. ღამე სანფრანცისკოდან Berkely-ის აქსელერატორში გვაქვს სემინარები, უკვე დღის საათებში 500 სტარტაპის აქსელატორის ფარგლებში ვესწრებით სხვადასხვა კონფერენციას", — ამბობს გაბრიელ მელივა.

  • პერსპექტივები

როგორც აღვნიშნეთ, სამყარო სულ უფრო ციფრულდება. შესაბამისად, დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ზუსტი ციფრული იდენტიფიცირება. ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა რა პერსპექტივები აქვს ტექნოლოგიებს, რომლებიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული სამყაროს ვალიდაციას ახერხებენ.

"თუ დააკვირდებით საბანკო პროდუქტებს და ზოგადად ინდუსტრიას, ბოლო 15 წელიწადში რადიკლაურად შეიცვალა ყველაფერი. ამის კარგი მაგალითია ფინტექ ორგანიზაციები, რომლებსაც პატარა ბანკებს ეძახდნენ, ახლა კი ძალიან გაიზარდნენ. ასეთი კომპანიები უფრო და უფრო ვითარდებიან, იმიტომ რომ ისინი ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ. შესაბამისად, მსგავს ტექნოლგიებზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო 5 წელიწადში ბიომეტრიული ინდენტიფიცირება გახდება ერთ-ერთი უმთავრესი და აუცილებელიც.

მსგავსი ტექნოლიგიები შეიძლება ფეისბუქმაც აქტიურად გამოიყენოს. მოგეხსენებათ, ფეისბუქზე ბევრი ცრუ ანგარიშია, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსმა გიგანტებმა, როგორიც ფეისბუქია, ციფრული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენონ. ეს შეიძლება იყოს ექაუნთების უფრო მკაცრი იდენტიფიცირება, რათა ამით მომხმარებელმა თავი უფრო დაცულად იგრძნოს და კომპანიის რეპუტაციაც არ შეირყეს", — გვიყვება გაბრიელ მელივა.

ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება. მათი გამოყენების სფეროები, ფორმები, ინტენსივობა თუ ხარისხი ყოველდღიურად იცვლება და იხვეწება. რაც უფრო მოთხოვნადი გახდება ციფრული სამყარო (და ეს გარდაუვალია), მით უფრო გაიზრდება მსგავს სივრცეში ადამიანების ზუსტი იდენტიფიკაციის საჭიროება.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ გლობალურ გამოწვევებზე ქართული კომპანიები მუშაობენ და ისეთ საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან ხარისხს, სანდოობასა და სიზუსტეს რომ აღწევენ, როგორც ეს "კვალიფიკამ" მოახერხა. თუმცა, წინ აქსელერაციის პროგრამებია, რომლის გავლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ეს ქართული სტარტაპი უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას მოახერხებს. ანუ დიდი შანსია, რომ "კვალიფიკა" შეძლებს და გახდება დისტანციური ვერიფიკაციის კუთხით, საერთაშორისო დონის ქართული კომპანია.