საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში გავიდეს. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტი უნდა შეწყდეს და ის იმედოვნებს, რომ პარტიები მოწოდებებს გაითვალისწინებენ.

"მაშინ როცა საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან გარეთ ქუჩაში გავიდე", — განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, საქართველოში ახალი მოცემულობაა, როცა პარლამენტში პირველად შედის 9 პოლიტიკური პარტია და ოპოზიციას 60 მანდატი აქვს:

"ეს არის მონაპოვარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და გათვალისწინებული გეოპოლიტიკური რთული გარემო და უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც ჩვენ გარშემოა შექმნილი. და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გადადგას ნაბიჯი, პირველ რიგში არა პოლიტიკური და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არაერთ დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.

ბარიერგადალხული რვავე ოპოზიციური პარტია — ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, მოქალაქეები, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი — უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის, მათ შორის თავმჯდომარის ცვლილებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ოპოზიციის ბოიკოტს არ იზიარებს მმართველი პარტია ქართული ოცნება. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ამის ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არც არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ.

პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა შეხვედრის ორი რაუნდი. გარდა ამისა, ელჩებს ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ჰქონდათ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს მათი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამას არც განიხილავენ.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ადამიანის ძირითადი უფლებებიც დაცული იყო, მაგრამ ასევე დარღვევებზეც მიუთითებენ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და "დემოკრატიულ არჩევანს" სცენ პატივი. ამავე დროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ოპოზიციას მიმართავენ, რომ პარლამენტში შევიდნენ და არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები მიიღონ.

არჩევნების დროს დარღვევებზე ისაუბრეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც. უწყების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საარჩევნო პრეტენზიები გადაწყვეტილი იქნებოდა. ამავე დროს, ოპოზიციის ბოიკოტს მათ "უკვე ნანახი ფილმი" უწოდეს და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.

ამავე თემაზე: