საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამა აწარმოე საქართველოს რამდენიმე კომპონენტში ცვლილება შევიდა, რაც სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება აწარმოე საქართველოს პროგრამის რამდენიმე კომპონენტში. პირველი მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას. როგორც ჩვენ გვქონდა აქამდე გაცხადებული, რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ, რადგან სარესტორნე ინდუსტრია პანდემიის პირობებში არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და გვინდა მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ საბანკო სესხების ტვირთი", — განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, განცხადებების მიღება სესხის სუბსიდირების თაობაზე ხვალიდან დაიწყება.

"ხვალიდან დავიწყებთ ბანკებიდან განაცხადების მიღებას, მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ აქტიურად მიაკითხონ თავის კრედიტორ ბანკებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკულად, სრულად საბანკო სესხის პროცენტის ტვირთი უახლოეს 6 თვეში ამას ვერ იგრძნობენ. ეს ის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენთან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და საბოლოო ჯამში, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ", — განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა სხვადასხვანაირადაც ეხმარება სარესტორნე და ტურისტულ ბიზნესს ისეთი მეთოდებით, როგორიცაა საგადასახადო შეღავათები (ქონების გადასახადის ჩამოწერა 4 თვით) და საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ გადავადება.

თურნავას განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სესხის სუბსიდირებას არა მხოლოდ სარესტორნე ბიზნესზე, არამედ ივენთკომპანიებზე და კინოთეატრებზე.

"სხვა ცვლილებები, რაც ჩვენ ასევე შემოგვაქვს პროგრამა აწარმოე საქართველოში ეხება ივენთკომპანიებს, ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ივენთკომპანიებზე გავავრცელეთ სესხლის სუბსიდირების პროგრამა, ახლა შემოგვაქვს ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, რადგან მათ მოგვმართეს თხოვნით და გარკვეული ინვენტარი შეძენილი აქვთ ლიზინგით და აქაც ჩვენ პროცენტისგან პრაქტიკულად გავათავისუფლებთ და დავუსუბსიდირებთ. ასევე, ამავე პროგრამაში სესხის და ლიზინგის სუბსიდირებაში შემოგვყავს კინოთეატრები", — აღნიშნა თურნავამ.

24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.

საწყის ეტაპებში გაერთანებული იყო ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: სესხების გადავადება, კომუნალურები და ა.შ.; მომდევნო ეტაპები კი სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ერთჯერად ან რამდენიმეთვიანი დახმარებას და ეკონომიკის ამუშავებისთვის საჭირო ნაბიჯებს აერთიანებს.