ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ესმის, რომ 300 ლარი მაღალი თანხა არ არის და მას 1 000 ლარი ჯობია, თუმცა მისი თქმით, ეს ის თანხაა, რისი გაღებაც მთავრობას ახლა შეუძლია, რადგან პანდემიის პერიოდში ისეც დიდი ბიუჯეტი იხარჯება.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის დროებითი შეზღუდვა და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს. იმდენად აქტიურად ითხოვს ვაჭრობის სექტორი — მალე გავხსენითო, მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი, რომ ეს სამუშაო ადგილები აღდგება, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ითხოვენ, რომ ვერ ვიმუშავებთო, ისინი ამბობენ, რომ ვიმუშავებთ და გაგვხსენითო. ამიტომ სანამ ამ შეზღუდვის განხორციელება გვიწევს, ეს ადამიანები ისარგებლებენ ამ 300 ლარით", — განაცხადა თურნავამ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, მთავრობამ თვითდასაქმებულებისთვის სოციალური დახმარება — 300 ლარი დააწესა. ამ დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დღეს 3 დეკემბერს იწყება და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, პირს ეძლევა საშუალება დააზუსტოს ინფორმაცია ან გაასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ვადა 28 დეკემბრამდეა გაწერილი, რადგან 26-27 დეკემბერი არასამუშო დღეებია.