საფრანგეთის მეოცე პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი, რომელიც ქვეყანას 1974-81 წლებში მართავდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის 94 წლის იყო.

სექტემბერში ჟისკარი ფილტვის ინფექციის გამო ჰოსპიტალიზირებული იყო. ნოემბერში ის ისევ კლინიკაში გულის უკმარისობით მოათავსეს. რამდენიმე კვირაში ის კლინიკიდან გაწერეს, რის შემდეგაც თავის რეზიდენციაში დაბრუნდა. ჟისკარი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სახლში გარდაიცვალა.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა", — განუცხადა AFP-ს ოჯახმა.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი პრეზიდენტად არჩევისას 48 წლის იყო და საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. მისი ხელისუფლების პერიოდში შესრულდა არაერთი მსხვილი პროექტი, მათ შორის TGV-ს მაღალსიჩაქარიანი რკინიგზა. როგორც The Guardian წერს, საფრანგეთში ჟისკარი ახსოვთ, როგორც რადიკალი რეფორმატორი, რომლის დროსაც ლეგალური გახდა აბორტი, ასევე, დასაშვები გახდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განქორწინება, ხოლო ხმის მიცემის ასაკმა 18 წლამდე დაიწია.