თუ ახალბედა მძღოლი ხარ, შეიძლება ამ სტატიის სათაურზე აღშფოთდე კიდეც: მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთებში "მძღოლურ ეტიკეტზე" არაფერი წერია. არადა ყველა ბილეთი გულდასმით გაქვს ნამეცადინები, პოლიციელის თითქოს უტყვი ზურგის ენაც კი იცი. "ლაზიერის გამბიტი" მანქანის მართვაზე რომ ყოფილიყო და არა ჭადრაკზე, მთავარ როლში შენ დაგამტკიცებდნენ: დასაძინებლად რომ წვები, ჭერზე გზაჯვარედინი ისახება და წითელ-ყვითელი მანქანები და ავტობუსები სულ სწორი თანმიმდევრობით დადიან.

თუმცა მართვის მოწმობის გამოცდის უმაღლეს ქულაზე ჩაბარება სულაც არ გაქცევს კარგ მძღოლად. ქართულ გზებს თავისი წესები აქვს. "კარგი მძღოლის" საპატიო ტიტული ამ დაწერილი და დაუწერელი კანონების ცოდნას და ზედმიწევნით შესრულებას მოაქვს. ამ სტატიაში რამდენიმე წესზე მოგიყვებით, რომელსაც თუ იცავ — მეტს იმსახურებ.

1. გზის დათმობის დროს თავის მსუბუქად დახრა და ხელის აწევა

ფოტო: Gummy / Vijay Verma

შეიძლება დიდი ხანია დგახარ საკუთარი კორპუსის გამოსასვლელთან, ქუჩაზე კი მანქანების ნაკადი არ წყდება და ვერა და ვერ შეუერთდი მოძრაობას. მარჯვენა ციმციმაც სცადე უკვე და მარცხენაც, ავარიულიც, სასოწარკვეთილი ქვითინიც, "I will survive"-ს სიმღერაც და ისევ ერთ ადგილას ხარ გაჩერებული. და ჩნდება ის: მძღოლი, რომელიც ჩერდება, წყვეტს მანქანების ნაკადს და ფარების მოკლე ანთებით განიშნებს, რომ გზას გითმობს. პირველი ინსტინქტი არის, რომ გადმოხტე მანქანიდან, ჩაეხუტო, ბავშვის ნათლობაზე დაპატიჟო და წეღან ნამღერი I will survive-ს ტიკტოკ დუეტი შესთავაზო. თუმცა არ ენდო პირველ ინსტინქტს, შეუერთდი მოძრაობას, თან დამთმობი მანქანის მძღოლს თავი მსუბუქად დაუკარი და ხელი ასწიე. ის ზუსტად სინქრონულად გაიმეორებს იგივე მოძრაობას, იმის აღსანიშნავად, რომ მადლობა მიიღო. რით არ არის ეს ტიკტოკ დუეტზე უკეთესი?

2. ნაცნობის დანახვისას ფარების აციმციმება

ფოტო: Fábio Lobo

ბავშვის ნათლობაზე დასაპატიჟებელი მძღოლების მეტი რა დადის: ხან რომელ ქუჩაზე შეიძლება შეგხვდეს ნაცნობი და ხან რომელზე. რა უჭირს, თუ ორი წამით გაჩერდები გზაზე, ფანჯრებს ჩამოწევ და უცებ მოიკითხავთ ერთმანეთს? უჭირს: მოძრაობა ჩერდება და კარგი მძღოლის სტატუსს ამ ორ წამში კარგავ.

კარგი მძღოლი ნაცნობის დანახვისას ფარებს აციმციმებს და ძალიან მოკლე სიგნალს იძლევა. ნათლობაზე კი მოგვიანებით, ტელეფონის ზარით ან თუნდაც მესინჯერში ლამაზი gif-ის გაგზავნით პატიჟებს.

3. სასწრაფოს გატარება ნებისმიერ ფასად

ფოტო: Drew Ellis

ეტიკეტის ამ წესს ალბათ დაკონკრეტება არც სჭირდება: სასწრაფოს მუდამ აქვს პრიორიტეტი. სიჩქარის მომატების და სახიფათო მანევრების ნაცვლად, რაც შეიძლება სწრაფად გადადი მარჯვენა ზოლში და დაუთმე გზა სასწრაფოს.

4. მწვანეს ანთებისთანავე დასიგნალების ნაცვლად ღრმად ჩასუნთქვა

ფოტო: Jared Howell

შუქნიშანზე დიდხანს დგახარ წითელზე, შენ წინ კიდევ ორი მანქანაა. 3...2...1 და აინთო მწვანე. მანქანები კი არ იძვრიან. სანამ გაბმული სიგნალის გადაწყვეტილებას მიიღებ, ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, ისევ ჩაისუნთქე. შეიძლება გზაზე ქვეითი გადადის და ამიტომ არ დაიძრა პირველივე მანქანა მოწყვეტით, შეიძლება რაიმე სხვა პრობლემაა. კარგმა მძღოლმა იცის, რომ შუქნიშანზე მწვანეს ანთებისთანავე 100 კილომეტრ საათს არც ერთი მანქანა არ ავითარებს.

5. ნაგვის მენეჯმენტი მანქანაში

ფოტო: Jordan Jenkins

შეიძლება "ნაგვის მენეჯმენტზე" გაგეღიმა, მაგრამ კარგი მძღოლის ამოცნობა ამ წესითაც შეიძლება: ის არასოდეს ყრის ნაგავს ფანჯრიდან, არამედ უჩენს მას ადგილს მანქანაში, შემდეგ დღის ბოლოს ერთიანად აგროვებს და ურნაში აგდებს. მანქანაში უამრავი ნაგავი გროვდება: წყლის ბოთლები, ბანანის ქერქები, იოგურტის კოლოფები, კანფეტების შეფუთვები და, მწეველი მძღოლის შემთხვევაში, სიგარეტის ნამწვავებიც. ნაგვის რაოდენობა სამმაგდება დიდ გზაზე — თბილისიდან ბათუმამდე სასუსნაოების, ყავის ჭიქებისა და წვენების ერთი დიდი პარკი მაინც გროვდება. ამ ნაგვის ადგილი ქუჩაში არაა, ურნაშია.

6. სხვა მძღოლებზე ზრუნვა

ფოტო: Shutterstock

თუ რომელიმე მანქანა მოგდევს, გისიგნალებს და მძღოლი ხელებით რაღაცას განიშნებს, არ გეგონოს, რომ შენი ტოპ 8 სერიალი აინტერესებს ან ზოდიაქოს ნიშანს გეკითხება. დიდი შანსია, რომ საბურავი გაქვს დაშვებული ან საბარგული დაგრჩა ღია. აუცილებლად შეანელე, რომ გაიგო, რას განიშნებენ და პირველივე შესაძლებლობისას გააჩერე მანქანა, რომ გარეგნულად დაათვალიერო. თუ დაინახავ, რომ წინ მიმავალ მძღოლს კარი ან საბარგული ღია აქვს, აუცილებლად დაეწიე და ანიშნე შენც: კარგი მძღოლები ერთმანეთს ასე უფრთხილდებიან.

7. პარკინგისას საკმარისი დისტანციის დატოვება წინა და უკანა მანქანისთვის

ფოტო: Lee / Dribbble

მანქანას როდესაც ყიდულობ, არ იცი, რამდენი უნებლიე ბედნიერების მოტანა შეუძლია მას. მაგალითად, მოულოდნელი ბედნიერება მოაქვს პარკინგის თავისუფალი ადგილის დანახვას, მითუმეტეს, ისეთ ადგილას, რომელიც მუდამ გადაჭედილია ხოლმე მანქანებით. მერე ამ თავისუფალ ადგილში ზუსტად ჩატევა რა ბედნიერებაა? ცოტა წინ, ცოტა აქეთ აიღე, ცოტა იქით აიღე, ახლა უკან, ჰო, ეგ არის! პარკირების შემდეგ არ დაგავიწყდეს შეამოწმო, წინა და უკანა მანქანას თუ დაუტოვე გამოსასვლელად საკმარისი ადგილი. იცოდე, რომ შენზეც ზუსტად ასევე იზრუნებენ კარგი მძღოლები.

კარგ მძღოლობას მხოლოდ მორალური თვითკმაყოფილება და საზოგადო აღიარება არ მოაქვს — ალდაგმა წელსაც გადაწყვიტა, წაახალისოს პასუხისმგებლიანი მძღოლები და 30%-იანი ფასდაკლება შესთავაზოს ავტოდაზღვევაზე ყველას, ვინც 2020 წლის მანძილზე მართვის მოწმობაზე 100 ქულა შეინარჩუნა. საკუთარი ქულის შემოწმება ალდაგის პორტალზე შეგიძლია. იმიტომ, რომ მოდი, შევთანხმდეთ: თუ იცავ — მეტს იმსახურებ.