აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 3-დან 10 დეკემბრამდე ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის, თუმცა ცალმხრივად. მათი განცხადებით, მოსკოვის დროით დილის ცხრიდან საღამოს შვიდ საათამდე, ანუ ჩვენი დროით ათიდან საღამოს რვა საათამდე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფები ოკუპირებულ რეგიონში გადასვლას შეძლებენ.

განცხადებაში აღნიშნული არ არის, ექნებათ თუ არა ოკუპირებულ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გადმოსვლის უფლება ან შესაძლებელია თუ არა 3-დან 10 დეკემბრამდე, სანამ ჰუმანიტარული დერეფანი ღიაა, დროებით გადასვლა და უკან დაბრუნება.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე ყველას ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება და აუცილებელი იქნება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი, რომელიც საქართველოში ბოლო 72 საათის განმავლობაში არის აღებული. ტესტი სავალდებულოა ბავშვებისთვისაც.

გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონში შესასვლელად ხალხს ავალდებულებენ თან იქონიონ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის ე.წ. პასპორტი, ე.წ. პირადობის მოწმობა ან ბინადრობის უფლების დოკუმენტი და ფორმა #9, რომელიც დე ფაქტო შსს-სგან არის გაცემული. მათივე თქმით, 14 წლამდე ბავშვებისთვის დაბადების მოწმობა.

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი მას შემდეგ ჩაკეტა, რაც საქართველოში კორონავირუსი დადასტურდა. მათ ე.წ. საზღვარი არ ჩაკეტეს რუსეთთან და სწორედ იქედან გავრცელდა რეგიონში ინფექცია.