ნატოს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აძლიერებენ საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას და მოხარულია, რომ დამტკიცდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი. ამის შესახებ მან ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში. დღეს ჩვენ ისევ განვაცხადეთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ ვიმსჯელეთ მათი რეფორმების შესახებ და ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას.

მე მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, რაც ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებაა. მინისტრები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე რეგიონში ჩვენს სიტუაციაზე ცნობიერების ასამაღლებლად და ორივე პარტნიორთან დიალოგის გასაძლიერებლად", — განაცხადა მან.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

"რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ის ზრდის სამხედრო კონტინგენტს ყირიმში და სულ უფრო მეტად ზრდის ძალების ოდენობას შავი ზღვის რეგიონში. პასუხად ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებში", — განაცხადა მან.

ამავე თემაზე: