ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ, 3 დეკემბერს იწყება და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. მათივე თქმით, რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, პირს ეძლევა საშუალება დააზუსტოს ინფორმაცია ან გაასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ვადა 28 დეკემბრამდეა გაწერილი, რადგან 26-27 დეკემბერი არასამუშო დღეებია.

როგორც On.ge-ს უწყებაში განუმარტეს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. მათი თქმით, პროფილზე შესვლისას გამოჩნდება სპეციალური ფანჯარა, რომელშიც საჭირო მონაცემები უნდა შეიყვანონ. სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

"იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

ამასთან, განვმარტავთ, რომ რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები", — აცხადებენ უწყებაში.

როგორც On.ge-ს განუმარტეს, არარეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის, რომელთა დამსაქმებლები ასევე არარეგისტრირებულები არიან, მაგალითად, ძიძებისთვის, სავარაუდოდ, სხვა სისტემა შემუშავდება, რაზეც ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. ამ ეტაპზე უცნობია, მიიღებენ თუ არა ისინი კომპენსაციას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას, დახმარების მისაღებად დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. მათი თქმით, მონაცემების შემოწმებას და თანხის ჩარიცხვას მაქსიმუმ 6 დღე დასჭირდება. პრემიერმინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროს აქვს დავალება, რომ ეს დახმარება ახალ წლამდე გაიცეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო, დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი", — აცახდებენ ისინი.

უწყება აცხადებს, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.