საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუკზე წერს, რომ ის ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციაზე იმყოფებოდა და ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ცერემონიის დროს თეთრ სახლში არ შეუშვეს, შავი პიარია, რომელიც, მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებული პირების დახმარებით უკრაინულმა მედიამ გაუვრცელა.

"ამ კადრებში, მე უკვე გამოსული ვარ ცერემონიიდან და ველოდები ჯგუფის დანარჩენ წევრებს. ტრამპის გუნდის წევრებთან მაქვს პირადი კონტაქტი და ინტენსიურად ვითანამშრომლებ მათთან, ვინც უკრაინის მეგობარია. ეს ხმები ამტკიცებს იმას, რომ სწორ გზაზე ვართ" - წერს სააკაშვილი ფეისბუკზე და უკრაინული მედიიდან ამონარიდებსაც დასძენს, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილი, რომელიც სოც. მედიაში ტრამპთან მეგობრობაზე წერდა, არ მიიწვიეს ინაუგურაციაზე და ცერემონიას "ღობიდან უყურებდა".