დეკანოზი თამაზ ლომიძე მიტროპოლიტი ნიკოლოზისთვის iPhone 12 Pro-ს ჩუქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერო საქმეების სიყვარული სასულიერო პირისგან არ მართლდება. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"უხერხული ღიმილით ნათქვამით: "მღვდელიც ადამიანია" ვერავინ ვერასდროს გაამართლებს ამ ვნებებს. თუ სასულიერო პირები ქრისტიანობის ქადაგების მაგივრად შევუდგებით პოეტობას და ეგზალტირებულ ლექსაობას, საერო სიმღერებს, მოდურად კოხტაობას და საკუთარი ფოტოებით კეკლუცს, თუ ავტომობილების, ტელეფონების თუ სხვა მატერიალური ნივთების, ტექნიკური სიახლეების თუ ფუფუნების საგნების სიყვარული შეგვიპყრობს და უფრო უარესი: რომც გვძლიოს და დაგვიმონოს ამ ვნებებმა, თუ ისე დავბრმავდებით და გავირყვნებით, რომ ამის საჯაროდ გამოჩენას აღარ მოვერიდებით, არასოდეს იქნება ეს მართებული და არ ექნება ამას გამართლება ღმერთის და ხალხის წინაშე", — წერს დეკანოზი.

მისი თქმითმ, "ეს ვნებები" არ შეეფერება არც ეპისკოპოსს, არც მღვდელს, არც დიაკვანს და არც პატიოსან ქრისტიანს:

"ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან, რისთვისაც, ამ ერთადერთისთვის მოწოდებულია სასულიერო პირი".

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს დღეს, 2 დეკემბერს ტექნიკის ერთ-ერთმა მაღაზიამ iPhone 12 Pro აჩუქა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ის ტელეფონს ფილმების გადაღებისთვის გამოიყენებს და ამით ხალხს გაახარებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"ეს ყველაფერი iphone 11 Pro დაიწყო, მინდა გთხოვოთ ყველას სულ ორი წუთი დაგჭირდებათ YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ფილმი, მე მაჩუქეს ეს ტელეფონი თავისდროზე იმიტომ, რომ ამ ტელეფონით გადავიღე ფილმი, სამი დღე ვიღებდი ამ ფილმს თვითონ იმ iphone X-ში დავამონტაჟე, 10 თებერვალს სანამ ეს პანდემია დაიწყებოდა დავპატიჟე ჩემი ახლობლები კინოთეატრ ამირანში, რომელიც სავსე იყო 650 ადამიანი დიდ ეკრანზე უყურებდა, ანუ რისი თქმა მინდა იცით iphone X გადაღებულ ფილმი დიდ ეკრანზე შეიძლებოდა ენახა ადამიანს ისეთ ხარისხი იყო. ამ ტელეფონს კარგად არ ვიცნობ ჯერ სამი კამერა აქვს ეს იმას ნიშნავს რომ გაშლის კუთხე აქვს სრულიად სხვა, ეს ტელეფონი და iphone 11 pro გამომადგება რომ გადავიღო ფილმები და გავახარო ხალხი, საიდუმლოდ დავტოვებ რა ფილმს გადავიღებ ახალი ტელეფონით", — განაცხადა მეუფო ნიკოლოზმა.

ეფლმა ახალი iPhone 12 13 ოქტომბერს წარადგინა. iPhone 12 Pro-ს ოფიციალური ფასი $999-დან იწყება.

11 ოქტომბერს, მეუფე ნიკოლოზმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ "ბრალს დებენ", თითქოს ბოლო მოდელის iPhone ჰქონდა და მისი მტკიცებით, ეს სიცრუე იყო. მისი თქმით, iPhone 11 Pro აქვს და ეს ბოლო მოდელი არ არის, რადგან iPhone 12 გამოვიდა. თუმცა, ეს მოდელი Apple-მა ოფიციალურად მისი განცხადებიდან 2 დღის შემდეგ გამოუშვა.

მიტროპოლიტის განმარტავდა, რომ ძვირადღირებული ტელეფონის ეს მოდელი იმიტომ ჰქონდა, რომ "კამერა იარაღია" და მას შეუძლია დაზუმვით გადაიღოს, რაც სურს.