2020 წლის 8 თვის მდგომარეობის, საინვესტიციო პროექტების ნაწილს დაბალი ათვისება აქვს, რაც პროექტების შეფერხებით შესრულებაზე მიუთითებს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც ბიუჯეტის 8 თვის შესრულების მაჩვენებლებს ასახავს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საკრედიტო სახსრების ათვისება 60%-ზე ნაკლებია 14 პროექტის შემთხვევაში. 9 თვის გეგმით აღნიშნულ პროექტებზე გათვალისწინნებული იყო 125,4 მილიონი ლარი, საიდანაც 8 თვეში ათვისებულია 25 მილიონი (20%).

პროექტების განმახორციელებლების ინფორმაციით, ძირითადად შემაფერხებელი მიზეზებია: დონორებთან მოლაპარაკებების გაჭიანურება, პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებული ხარვეზები, ცვლილებები ხელშეკრულებაში, სატენდერო პროცედურების გაჭიანურება, პროექტის დაგეგმვის პროცესის გაჭიანურება, პანდემიით გამოწვეული შეფერხება.

ფოტო: აუდიტის სამსახური

საკრედიტო რესურსის სახით მობილიზებული სახსრების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე29 , რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. ვალდებულების გადასახადის გადახდა იწყება სესხის ეფექტურად გახდომის შემდეგ და ერიცხება კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, მიუხედავად იმისა მიმდინარეობს თუ არა სესხის ათვისება. 2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, 29 საინვესტიციო პროექტის ფარგლებში გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.4 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, 9 თვის გეგმასთან მიმართებით 60%-ზე დაბალი შესრულების მქონე 9 პროექტის შემთხვევაში, გადახდილი გადასახადი 2.1 მლნ ლარს უტოლდება.