კულტივირებული ხორცი, რომელიც ცხოველების დახოცვის გარეშე მიიღეს ბიორეაქტორებში, მარეგულირებელი ავტორიტეტის მიერ პირველად გახდა გასაყიდად ნებადართული. ეს მიღწევა ხორცის ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი საკვანძო მომენტია.

"ქათმის ლუკმები", რომელიც ამერიკულმა კომპანია Eat Just-მა შექმნა, სინგაპურის საკვების სააგენტოს უსაფრთხოების შემოწმება წარმატებით გაიარა, რამაც შეიძლება ისეთ მომავალს გაუღოს კარი, რომელშიც, კომპანიის თქმით, ყველანაირი ხორცი საქონლის დახოცვის გარეშე შეიძლება იწარმოოს.

ქათმის, საქონლისა და ღორის კულტივირებულ ხორცს ახლა ათობით ფირმა ქმნის იმ მიზნით, რომ შეამციროს საქონლის ინდუსტრიული წარმოების გავლენა კლიმატურ და ბუნებრივ კრიზისებზე, ასევე იმისთვის, რომ უზრუნველყოს უფრო სუფთა, მინარევებისა და სისასტიკისგან თავისუფალი ხორცი. ამჟამად ხორცის მისაღებად ყოველდღიურად დაახლოებით 130 მილიონ ქათამს და 4 მილიონ ღორს ხოცავენ. წონის მიხედვით, დედამიწაზე არსებული ძუძუმწოვრების 60% საქონელია, 36% არიან ადამიანები, ხოლო 4% — ველური ცხოველები.

Eat Just-ის პროდუქტისთვის უჯრედებს 1200-ლიტრიან ბიორეაქტორში ზრდიან, შემდეგ კი მცენარეულ ინგრედიენტებთან ურევენ. კომპანიის თქმით, თავდაპირველად ასეთი ხორცის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება და "ქათმის ლუკმები" სინგაპურის რესტორანში გაიყიდება. ეს პროდუქტი ბევრად ძვირი ეღირება, ვიდრე სტანდარტული ქათამი, სანამ წარმოება არ გაიზრდება, თუმცა Eat Just აცხადებს, რომ საბოლოოდ ის გაიაფდება.

პროცესის დასაწყებად გამოყენებული უჯრედები უჯრედების ბანკიდან აიღეს და მათ მისაღებად საჭირო არ იყო ქათმების დახოცვა, რადგან უჯრედების მოპოვება ცოცხალი ცხოველების ბიოფსიითაცაა შესაძლებელი. უჯრედების გამოსაზრდელად საჭირო ნივთიერებები მთლიანად მცენარეებიდან აიღეს.

სინგაპურის წარმოების ხაზისთვის საკვები არე მოიცავს ძროხის ფეტალურ შრატს, რომელსაც ფეტალური სისხლიდან იღებენ, თუმცა მოხმარებამდე ხორცი დიდწილად უკვე დაცლილია მისგან. კომპანიის თქმით, წარმოების შემდეგ ხაზში მცენარეულ შრატს გამოიყენებენ, თუმცა ის მაშინ არ იყო ხელმისაწვდომი, როცა სინგაპურის მიერ ამ პროდუქტის დამტკიცების პროცესი დაიწყო ორი წლის წინ.

სამეცნიერო კვლევების სერიამ აჩვენა, რომ მდიდარ ქვეყნებში ადამიანები უფრო მეტ ხორცს ჭამენ, ვიდრე ეს ჯანსაღია მათთვის ან პლანეტისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ხორცის მოხმარების შემცირება აუცილებელია კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად, ზოგი მეცნიერი კი ამბობს, რომ ეს გარემოს დაცვის საუკეთესო გზაა, რომლის არჩევაც რიგით ადამიანს შეუძლია.

კომპანიებს, რომლებიც ხორცს ლაბორატორიაში ქმნიან, სჯერათ, რომ ეს პროდუქტი,სავარაუდოდ, ერთგულ ხორცისმჭამელებს ტრადიციულ მეთოდებზე უარს ათქმევინებს. ზოგისთვის ვეგანური დიეტა არამიმზიდველია, მცენარეულად შექმნილი ხორცის ჩამნაცვლებლები კი ტრადიციული ხორცის ტექსტურასა და გემოს ყოველთვის არ იმეორებს. ბიორეაქტორებში კულტივირებული ხორცი აგრეთვე ცხოველური ნარჩენებიდან ბაქტერიულ დაბინძურებასა და ცხოველებზე ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების ჭარბ გამოყენებას უვლის გვერდს.

ამჟამად კულტივირებული ხორცის მცირემასშტაბიან წარმოებას ენერგიის შედარებით მაღალი რაოდენობით გამოყენება სჭირდება, შესაბამისად, მაღალია ნახშირორჟანგის ემისიაც, თუმცა მწარმოებლები ამბობენ, რომ წარმოების გაზრდის შემდეგ ემისია გაცილებით ნაკლები იქნება და კულტივირებული ხორცისთვის უფრო ნაკლები წყალი და მიწა იქნება საჭირო, ვიდრე ტრადიციული ხორცისთვის.

"ვფიქრობ, რომ ასეთი ხორცის დამტკიცება ბოლო ათწლეულებში საკვები ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ეს ღია კარია და ახლა ჩვენზე და სხვა კომპანიებზეა, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში მივიღებთ სამყაროს, სადაც ხორცის უმეტესობას არ სჭირდება თუნდაც ერთი ცხოველის მოკვლა ან ერთი ხის მოჭრა", — განაცხადა Eat Just-ის წარმომადგენელმა ჯოშ ტეტრიკმა.

მიუხედავად ამისა, მან განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი კულტივირებულ ხორცზე მომხმარებელთა რეაქციაა:

"არის თუ არა ის სხვანაირი? რა თქმა უნდა. იმედი გვაქვს, რომ მომხმარებლებთან გამჭვირვალე კომუნიკაციის შედეგად გავიგებთ, რა არის ეს და რით განსხვავდება ტრადიციული ხორცისგან, რითაც გამარჯვებას მოვახერხებთ. თუმცა ამის გარანტია არ არსებობს", — თქვა მან. ასევე დაამატა, რომ კულტივირებული ქათამი საკვები ნივთიერებების თვალსაზრისით ისეთივე იყო, როგორიც ტრადიციული ხორცი.

Eat Just-ს არაცხოველური პროდუქტის გაყიდვაში გამოცდილება აქამდეც ჰქონია, მაგალითად, მცენარეული კვერცხებისა და ვეგანური მაიონეზის.