აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ წინასაახალწლოდ ახალი სამოქალაქო პროექტი წამოიწყო. მასში მონაწილეობით თითოეულ მოქალაქეს შეეძლება, მეცხრე მოწვევის პარლამენტარებს "მისალოცი" წერილები მისწეროს და მათ პარლამენტში მოღვაწეობის "წარმატებული" საქმიანობები ასე შეახსენოს.

ბოლქვაძე On.ge-ს უყვება, რომ იდეა მაშინ დაიბადა, როცა დაინახა, რომ წინა პარლამენტი დაკომპლექტებული იყო ადამიანებით, რომლებიც ვიწრო პარტიული ინტერესების მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდნენ და რეალურად იმ პრობლემების მოგვარება ვერ შეძლეს, რაც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე გროვდებოდა.

"წინა პარლამენტში საპარლამენტო ზედამხედველობა არ ყოფილა სათანადო იმისთვის, რომ კანონის იმპლემენტაცია მომხდარიყო. მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობა, ან სოციალური საკითხები. ჩვენ პრაქტიკულად, პარლამენტის მაგივრად გვყავს პირთა წრე, ვინც საკუთარ ხალხს კი არ ემსახურება, არამედ ვიწრო პარტიულ ან ოლიგარქიულ ინტერესებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მოცემულობაზე ასე გვესაუბრა", — აცხადებს ბოლქვაძე.

როგორც ნინო გვეუბნება, პროექტი თავდაპირველად განსხვავებული იყო და პოზიტიური ფორმა ჰქონდა. კერძოდ, უნდოდათ, ყველა პარლამენტარისთვის პარლამენტში შესვლა რეალურად მიელოცათ და იმ ხარვეზების გამოსწორება ეთხოვათ, რომელიც საკანონმდებლო რეგულაციებს მოითხოვს.

"მაგრამ სხვა რეალობა მივიღეთ. ვერ მოვულოცავდით მათ პარლამენტში შესვლას, რადგან ეს არალეგიტიმური პარლამენტია, ოპოზიცია უარს ამბობს საკუთარ მანდატებზე", — ამბობს ნინო.

აქტივისტი აღნიშნავს, რომ ახლა პროექტის მიზანი პრობლემების აქტუალიზება და თითოეული იმ ადამიანის ანგარიშვალდებულებაზე აქცენტირებაა, რომელთაც საზოგადოებამ თავის დროზე ნდობა გამოუცხადა, თუმცა შედეგი ვერ მიიღო.

"ახლა აქცენტს ვაკეთებთ თითოეული ადამიანის ანგარიშვალდებულებაზე. თითოეული პარლამენტარის სახელ-გვარს გამოვიტანთ იმისთვის, რომ საჯარო დისკუსია დაიწყოს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში რომ იყვნენ, რა გააკეთეს? რატომ ვერ მოხერხდა და არ კონცეტრირდნენ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რაც ახლა გვაქვს, რომელთა მოგვარებაც დაგვეხმარებოდა, რომ უკეთეს სახელმწიფოში გვეცხოვრა?", — გვეუბნება ნინო ბოლქვაძე.

ჩვენი რესპონდენტის განმარტებით, ამ პროექტში მასთან ერთად არტისტი, კოკა კიტიაშვილიც მონაწილეობას, რომელიც თითოეული მოქალაქის წერილისთვის ღია საფოსტო ბარათებს ქმნის. როგორც ნინო გვეუბნება, მსგავს პროექტებში ხელოვნების შემოტანა მნიშვნელოვანია, რადგან იგი თემებს უფრო ხილვადს, საინტერესოს ხდის და გადაწყვეტის ელემენტებსაც მოიცავს.

ერთი წერილი უკვე მზად არის და მისი ადრესატი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ირმა ინაშვილია. ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, მოქალაქესა და პოლიტიკოსს შორის ასეთი დიალოგი ხელს შეუწყობს საზოგადოების მეტად მობილიზებას და დააყენებს კონკრეტული ადამიანების ანგარიშვალდებულებას — რა გააკეთეს ან რატომ ვერ გააკეთეს?

ნინო ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ინიციატივა ერთ თვეზე, ახალ წლამდე პერიოდზეა გათვლილი. ბარათები კი ყოველდღე, ათ საათზე, მათი ორგანიზაციის, თანასწორობა 17-ის ფეისბუქ გვერდზე დაიდება და საშუალებას მისცემს თითოეულ მსურველს მონაწილეობა მიიღოს ამ ახალ სოციალურ პროექტში.