ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია მისი, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესების ერთმანეთს მიმდევრობით განახლებას პოლიტიკურ ვირეშმაკობას უწოდებს. მელიას თქმით, ქართული ოცნება ამით ცდილობს მოლაპარაკებების პროცესი მის სასარგებლოდ წარმართოს.

"პოლიტიკური ვირეშმაკობაა. მოლაპარაკების პროცესში, როგორ ჩანს, ხელისუფლება სახის შესანარჩუნებლად აპირებს რაღაცა სახის შეთავაზებების მოტანას, თითქოს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, რაც, ბუნებრივია, არ იქნება მისაღები ოპოზიციისთვის და ცდილობენ, რომ გახსნან პარალელური პროცესი, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური, ოპოზიციური პარტიების ლიდერების დევნას", — განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 15 დეკემბერს განახლდება, ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას — 10 დეკემბერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა კი 14 დეკემბერს.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი. ოპოზიცია ამბობს, რომ ქართულ ოცნებას წარუდგინეს კონკრეტული წინადადება და შემდეგ ნაბიჯს სწორედ მმართველი პარტიისგან ელიან.