ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ შეზღუდვების პირობებში სხვა კონფესიებისთვის ანგარიშის გაწევას მიესალმება, თუმცა ეს გონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. როგორც მან თქვა, მართლმადიდებელ ეკლესიას ადანაშაულებენ იმაში, რაშიც დამნაშავე არაა.

"მე პირადად თანახმა ვარ, რომ ყველას გავუწიოთ ანგარიში. ოღონდ ეს ანგარიშის გაწევა უნდა იყოს რაღაც გონიერების ფარგლებში. საქართველოში გამოკითხვის თანახმად, 95 პროცენტი ასახელებს, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. ანუ 95 პროცენტისთვის ეს არის დღესასწაული. შესაბამისად, საქართველომ 95 პროცენტს გაუწიოს ანგარიში და იმ დღეს შეასუსტოს ეს ღამე, იმ აღდგომის არ იყოს, მიმაჩნია, რომ სწორია", — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებას გამოხატავენ ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადების გამო, რომელიც 6-7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამონაკლისის დაწესებას ეხებოდა. როგორც მან განმარტა, გამონაკლისი ამ თარიღებში იმის გამო დაიშვა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია და უქმე დღეების უმრავლესობაც მართლმადიდებლური შინაარსისაა.

"შეიძლება სინანულით ითქვას, რომ ქალბატონ მაია ცქიტიშვილის პოზიცია, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით და მთავრობის მიერ შემუშავებული მიმდინარე შეზღუდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა უკვე გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს", — აცხადებენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში არაერთი შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, გადაადგილებაზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ცხადდება უქმე, დასვენების დღეები. ხოლო 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გამონაკლისის სახით მთავრობა ყველა შეზღუდვას ხსნის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს და 6-7 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.