თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 21 ნოემბერს თბილისში, კოჯრის გზაზე მდებარე გვირაბის კედელზე წარწერების შესრულების გამო აქტივისტები დააჯარიმა.

ინსპექციის ინფორმაციით, პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით დაჯარიმდნენ, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას საქართველოს კანონის დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

"კანონდარღვევაზე რეაგირება მოხდა მას შემდეგ, რაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა კანონდამრღვევი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები მოაწოდა თბილისის მუნიციპალური ინსპექციას", — აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და პარტია ლელოს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ივანიშვილმა არჩევნები მიიტაცა და ის ჩრდილოეთ კორეის მმართველს ემსგავსება. აქტივისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე.