ევროპული საქართველოს წვერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში არ არსებობს ხიფათის სათანადო შეგრძნება კორონავირუსთან დაკავშირებით. როგორც მან TV პირველის ეთერში განაცხადა, ამის მიზეზი მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკაა.

"ჩვენ უნდა დაგვეწყო ეპიდემიის მართვა გაზაფხულიდანვე. არა შეკავება, რომელიც შეუსრულებელი მისია იყო, არამედ მისი მართვა. ჩვენ თუ მართვას დავიწყებდით, გინდაც გვქონოდა ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური 50, 60 ან 70, სამაგიეროდ, არ მოვშლიდით ხიფათის შეგრძნებას საზოგადოებაში. საზოგადოება გაცილებით უფრო ფრთხილი იქნებოდა. მე საზოგადოებას კი არ ვამტყუნებ, მთავრობა არის დამნაშავე თავისი ბაქი-ბუქით და ტაშ-ფანდურით, რომ ეს ხიფათი საზოგადოებაში მოიშალა. [...] ვითომ, გაზაფხულიდან მოყოლებული ჩვენ სიცოცხლეები დავზოგეთ, პირველი ჩემი აზრით გაუმართლებელი "ლოქდაუნით", სამაგიეროდ, დაზოგილი სიცოცხლეები, ორმაგად გადავიხადეთ ახლა, შემოდგომაზე.

არ იყო გააზრებული რამდენად გრძელვადიანი იქნებოდა ეს კრიზისი, არ იყო გააზრებული ამ კრიზისის მასშტაბი და სამწუხაროდ დღესაც მთავრობა ნაჯახით მოქმედებს. კი არ მართავს, არამედ ერთი უკიდურესობიდან — "ლოქდაუნი", სრული ქაოსი, მერე ისევ "ლოქდაუნი" — აი ასე გვათამაშებს, როცა თანმიმდევრული პოლიტიკით, როდესაც შეზღუდვები ზომიერია, მას საზოგადოება იგებს, ემორჩილება და თანმიმდევრულად, გრძელვადიანად იცავს, ასეთ შემთხვევაში არც ასეთი აფეთქებები არ გვაქვს და ვუმკლავდებით ეპიდემიას სათანადოდ", — განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

1 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 574, ხოლო გარდაიცვალა — 36 .

გაიგეთ მეტი: