ნატოს გენერალურის მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონს ნატოსა და ნატოს ყველა მოკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორ საქართველოსა და უკრაინასთან. ნატოს 3 წევრი ქვეყანა — თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებია. ასე რომ, სტოლტენბერგის თქმით, ნატო შავი ზღვის რეგიონში ძალებს ინარჩუნებს.

"როგორც პარტნიორები, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინასა და საქართველოსთან, რადგან ვხედავთ, რომ ყირიმის უკანონო ანექსიითა და საქართველოს ნაწილებში რუსი სამხედროების განთავსებით, რუსეთი ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრძელებს", — აცხადებს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, ისინი პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებენ, რადგან ხედავენ, რომ რუსეთი რეგიონში სამხედრო განლაგებას ზრდის, განსაკუთრებით კი ყირიმში.

"ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა რეგიონში და ამ საკითხებს განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან. ოთხშაბათს, 2 დეკემბერს ამ ორი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვდებით", — თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია 1-2 დეკემბერს გაიმართება.