კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა მთავართან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ შვილის ჰოპსიტალიზაციას თავიდანვე ითხოვდა, რადგან თანმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა. ამის ნაცვლად კი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.

"მოვიდა სასწრაფო, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და უკან გამოგვიშვეს. ვრეკავდი, ვითხოვდი, ჰოსპიტალში წაგვიყვანეთ-მეთქი. წაგვიყვანეს კოვიდსასტუმროში, რად მინდოდა კოვიდსასტუმრო. დამძიმდა მდგომარეობა, იქ წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, ექიმს მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა. სასწრაფო ჯანდაცვაში მამისამართებდა, ჯანდაცვა — სასწრაფოში. ამ ამბავს შეესწრო გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი, იქ სასტუმროში მკურნალობდა თვითონაც. იმან დარეკა ჰოსპიტალში და ხვეწნა-მუდარის მერე გადაიყვანეს. რომ ვუთხარი, იქნებ, რემდესივირი ჩაურთოთ და მკურნალობა დაიწყოთ-მეთქი, უკუჩვენებები აქვსო და არ გაუკეთეს", — განაცხადა გარდაცვლილი პაციენტის დედამ.

გერმანული ჰოსპიტლის დირექტორი, ეკატერინე ლორია კი აცხადებს, რომ პაციენტი კლინიკაში გადაყვანისას უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო და მიუხედავად რამდენიმედღიანი მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"პაციენტი მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს. ემერჯენსში მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული და გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველად დახმარების ჩატარება. CPAP ვარჯიშების მიუხედავად ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს და გადავიყვანეთ ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსით ინფიცირების მძიმე მდგომარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ და 29 რიცხვში გარდაიცვალა", — განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ეკატერინე ლორია.

1 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 574, ხოლო გარდაიცვალა — 36 .