ანა მიქელაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თანამდებობა დატოვა. როგორც იგი ფეისბუქზე წერს, თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

"ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და, რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში", — აღნიშნავს მიქელაძე.

ანა მიქელაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ცესკოსი ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. გამოცემა ნეტგაზეთთან მიქელაძემ ცესკოდან წასვლა არც უარყო და არც დაადასტურა.