შენიშვნა: მასალის თავდაპირველი სათაური იყო "მართლმსაჯულების რეფორმა შეიძლება თანაზომადი იყოს ვადამდელი არჩევნების", რის შემდეგაც On.ge დაუკავშირდა ზურაბ ჯაფარიძეს და მისი განცხადება დააზუსტებინა.

პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეიძლება არსებობდეს რაღაცები, რაზეც ბოიკოტი გაიცვლება. თუმცა მისი თქმით, ეს უნდა იყოს ვადამდელი არჩევნების თანაზომადი.

"კი ასეთი რაღაცები შეიძლება არსებობდეს, ოღონდ ეს უნდა იყოს თანაზომადი ვადამდელი არჩევნების, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს მართლმსაჯულების რეფორმის ხედვა, რომელიც შეთანხმებული იყო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ისეთი რაღაცა, თავისი მასშტაბით, რომელიც შეიძლება გაიცვალოს ბოიკოტში და მე ამაში გავცვლიდი. უბრალოდ, არარეალისტურია ასეთი მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდეს მსგავსი დათმობა, რადგან სასამართლოს დათმობა ნიშნავს, პრაქტიკულად, ხელისუფლების დათმობას, რაზე წამსვლელიც ის არ არის", — უთხრა ჯაფარიძემ On.ge-ს.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინია.