დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში (DRI) მიაჩნიათ, რომ 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავება, მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას იწვევს. მათივე თქმით, ეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს ძირს უთხრის.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. არაკანონიერი მოთხოვნა, და, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნისადმი წინააღმდეგობა კი ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს არ წარმოშობს.

"აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ მოგვიანებით პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთების შესაძლებლობა მისცეს. დაკავებული ორი აქტივისტის მიმართ კი დაიწყო წარმოება იმ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის ჩადენაც არ დასტურდება ადგილზე მყოფი არც ერთი ნეიტრალური მოწმის მიერ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

DRI-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა რელევანტურობისა და უტყუარობის საკითხი, დაბალი მტკიცების ტვირთი და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტები მწვავე პრობლემად დგას.

28 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს. პოლიციამ დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რკინის კონსტრუქციაზე სსრკ-ს სიმბოლოს, ნამგალისა და უროს დახატვა სცადა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სპონტანური აქცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გასაპროტესტებლად გაიმართა.

ევროპული საქართველოსა და ენმ-ს ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ, აქტივისტებთან ერთად გააპროტესტეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა.

მსგავსი რამ ნახსენებიც კი არ იყო საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მიმოხილული იყო ის საკითხები, რომელზეც გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ იმსჯელეს.

მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენები განხილვის საგანი არ ყოფილა და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.

კარასინმა, ასევე, განაცხადა, რომ აბაშიძესთან 27 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე გავრილოვის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.