სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო მაღაზიათა ქსელ სუფთა სახლის ერთ-ერთი ფილიალიდან, სადაც საახალწლო პროდუქციაზე გაკეთებულია წარწერა "არ იყიდება ეს პროდუქცია 24.12.2020 დეკემბრამდე".

ფოტო: Tika Mchedlidze / Facebook

28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები შევიდა ძალაში. სხვა მრავალ წესთან ერთად, რამდენიმე ქალაქში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სავაჭრო ცენტრები უნდა გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე. გამონაკლისია სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით On.ge სუფთა სახლს დაუკავშირდა, რომელსაც ფილიალები ქვეყნის მასშტაბით აქვს გახსნილი. როგორც კომპანიაში განმარტეს, ჯერ ზუსტი პასუხი არ აქვთ, შეუძლიათ თუ არა საახალწლო და მსგავსი პროდუქციის გაყიდვა და საბოლოო პასუხს ელოდებიან. მათივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა ზოგიერთ ქალაქში მათ ფილიალებზე არ გავრცელდება.

"ამ ეტაპისთვის, ჩვენთან მითითებული იყო 24 დეკემბერი, თუმცა საბოლოო პასუხი არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია თუ არა გავყიდოთ აღნიშნული პროდუქცია. სწორედ ამიტომ, რათა რაიმე გადაცდომას არ ჰქონოდეს ადგილი და ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც დადგენილებას ეწინააღმდეგება, დღეს ერთი დღით გვაქვს გაყიდვა შეჩერებული და ველოდებით პასუხს", — აცხადებენ სუფთა სახლში.

მთავრობის ადმინისტრაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ მაღაზიას შეუძლია გაყიდოს ის პროდუქცია, რომელიც გაყიდვაში აქვთ. დამაზუსტებელ კითხვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ეს საახალწლო პროდუქციასაც შეეხებოდა.