ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად ოპოზიცია გეგმავს, რომ მეტეხის ტაძართად შეიკრიბოს და დეკლარაცია გააფორმოს. ამის შესახებ მან ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ასევე, დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით გასული არიან პარლამენტში, ყველა დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია", — განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ამ დეკლარაციის შინაარსი იქნება ის სამი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციას 31 ოქტომბრის შემდეგ გააჩნია, კერძოდ, ახალი არჩევნები, ცესკოს და საარჩევნო კოდექსის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამასთან, ცნობილია, რომ პარლამენტის შეკრების პარალელურად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ოპოზიცია აქციებს არ გამართავს.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინია.