"მომეცი, მომე, ჩემთან წავიყვან [სახლში]" — ასე უპასუხა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოვაჭრეს, რომელსაც მუშაობის შესაძლებლობა ეპიდვითარების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო არ აქვს. ვიდეოს მთავარი არხი ავრცელებს.

"რა ვაჭამო ბავშვს, წაიყვანე სახლში და აჭამე", — ეუბნება გარემოვაჭრე ქალაქის მერს. "მომეცი, მომე და წავიყვან", — პასუხობს ტაბაღუა.

რუსთავში გარემოვაჭრეების აქციაზე რუსთავის მერს ე.წ. სტამბულის ბაზართან შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ. ირაკლი ტაბაღუამ ტერიტორია მალევე დატოვა.

მოსახლეობა მუშაობის გაგრძელებას უფლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში, ასევე, სათხილამურო კურორტებზე — ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ და მიტანის სერვისებზე გადავლენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

საბჭოს განცხადებით შეზღუდვა იმოქმედებს 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით. ხოლო 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება და ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. გარდა ამისა, 16-დან 31 იანვრის პერიოდში აღდგება სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

გაიგეთ მეტი ახალ შეღუდვებზე: