ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ფასდაკლებების გამო სავაჭრო მოლებში ხალხმრავლობამ პანდემიის საფრთხე გაზარდა და ეს ყოვლად მიუღებელი იყო.

"რაც შეეხება მოლებს, ვაძლევთ საშუალებას, რომ 24 დეკემბრიდან მოყოლებული ივაჭრონ. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ის სურათი, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ უნდა მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარულმა ფასდაკლების აქციამ", — განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.

"ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების მართვა შენობის გარეთაც. მიხარია, რომ მოლებმა დაიწყეს ამ მიმართულებით ფიქრი იმიტომ, რომ პრობლემა, შესაძლოა, შეიქმნას ერთ კვირაშიც, ორ კვირაშიც და ხედავთ, რომ ნოემბერშიც შეიქმნა", — აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას განცხადებით, მოლებთან დიალოგი გაიმართება იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ რიგების მართვას, ახალი წლის წინა პერიოდში როგორ შეძლებენ გამკლავებას.