15 ნოემბერს ნეტფლიქსზე ამ სტრიმინგ სერვისის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის გვირგვინი (The Crown) მეოთხე სეზონის პრემიერა შედგა, რომელმაც, როგორც ჩანს, ვნებათაღელვა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც გამოიწვია.

29 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბრიტანეთის კულტურის სახელმწიფო მდივანმა, ოლივერ დოუდენმა განაცხადა, რომ აპირებს, ნეტფლიქსს ოფიციალურად მისწეროს და სთხოვოს, სერიალ გვირგვინს ცხადი განმარტება გაუკეთონ იმის შესახებ, რომ მასში აღწერილი მოვლენები მხოლოდ შოუს შემოქმედების ფანტაზიის ნაყოფია.

"ეს შესანიშნავად შექმნილი მხატვრული ნაწარმოებია, რის გამოც სხვა სატელევიზიო პროექტების მსგავსად, ნეტფლიქსმა თავიდანვე მკაფიოდ უნდა განმარტოს ეს [რომ სერიალი ფიქციაა]... ამის გარეშე, ვშიშობ, რომ ის თაობა, რომელიც ამ მოვლენებს არ მოსწრებია, გამონაგონსა და ფაქტებს ერთმანეთში აურევს", — ამბობს ოლივერ დოუდენი.

როგორც The Guardian წერს, ამჟამად სერიალს ნეტფლიქსზე მხოლოდ შემდეგი სახის გაფრთხილება აქვს: შოუ, შესაძლოა, შეიცავდეს სექსის, სიშიშვლის, ძალადობისა და სუიციდის კადრებს, რის გამოც მისი ყურება 15 წელზე უფროსი ასაკის მაყურებლებისთვისაა რეკომენდირებული.

კადრი გვირგვინის მეოთხე სეზონიდან: პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი.

ფოტო: Netflix

გვირგვინის მეოთხე სეზონი, რომელშიც დედოფალ ელიზაბეტს კვლავ ოსკაროსანი ოლივია კოლმანი განასახიერებს, 1970-80 წლების ბრიტანეთის პოლიტიკურ ქრონიკას მოგვითხრობს: მარგარეტ ტეტჩერის აღზევება და დაცემა, ამავდროულად კი სამეფო ოჯახში პრინცესა დაიანას გამოჩენა.

მართალია, ახალმა სეზონმა ძირითადად როგორც მაყურებლებისგან, ისე კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც სერიალს ფაქტების არასწორად წარმოჩენაში ადანაშაულებს.

მაგალითად, BBC-ის ცნობით, პრინცესა დაიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმაც გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ მაყურებლები სერიალის სიუჟეტს ზედმეტად სერიოზულად მიიღებდნენ:

"ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ სერიალის ყოველი სერია ამ განცხადებით დაიწყება: "ეს არ არის სიმართლე, თუმცა ზოგიერთ რეალურ მოვლენას ეფუძნება", — განაცხადა სპენსერმა.

ასევე ბუკინგემის სასახლის ყოფილმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ მეოთხე სეზონში აღწერილი მოვლენები პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის ისტორიას "ამახინჯებს".

თავად შოუს შემოქმედს, პიტერ მორგანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სერიალი ისტორიული ფაქტებისა და შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია.

გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის მეოთხე სეზონი ნეტფლიქსზე უკვე 29 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.