პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Reformerfitness-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს. ამის შესახებ მან თვითონ განაცხადა.

"თუ რამე სამართლებრივი გზა არსებობს, ყველაფერს გამოვიყენებ. სახლიდან გამომაგდეს. თქვენ რომ გამოგაგდონ სახლიდან რას იზამდით? სახლში ვარჯიში მოსულა. ჯარიმდება ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ფიტნესკლუბს გულისხობს. ვიღაც ფულს უნდა იღებდეს ამაში. ვარ ჩემს ბინაში, მოდიან ჩემი მეგობრები და ვარჯიშობენ. ვარჯიში აკრძალული არ არის", — ამბობს ჯაფარიძე.

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში Reformerfitness-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად 29 ნოემბერს იქირავა. როგორც ის აცხადებდა, ადამიანებს, ვისაც ვარჯიში სურდათ, შეეძლოთ, მასთან სტუმრად მისულიყვნენ და ევარჯიშათ.

პოლიცია ფიტნესდარბაზში მას შემდეგ მივიდა, რაც ჯაფარიძემ ტერიტორია დატოვა. სამართალდამცხავებმა Reformerfitness-ი დალუქეს.

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც 28 ნოემბერს დააჯარიმეს.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ N322-ე დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლის შესაბამისად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ფიტნესი და საცურაო აუზები დაიხურა. გარდა ამისა, საბჭომ არაერთი შეზღუდვა დააწესა, რომელიც მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, გადაადგილებას, ბაზრობებსა და ბაღებს ეხება. შეზღუდვები რამდენიმე ეტაპადაა დაწესებული და გათვალისწინებულია ე.წ. შემსუბუქების პერიოდი.